ვინსენტ ვან გოგი – „ეპიზოდი”
თუკი გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და გრაფიკოსის – ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ შესრულებულ ავტოპორტრეტებს დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ იგი არც ერთ მათგანში არ არის გაღიმებული სახით წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი) მკვლევარები აღნიშნულის მოტივად ხელოვანის საშინელ მდგომარეობაში მყოფ კბილებს ასახელებენ. და მართლაც, პირველად ვან გოგს კბილებმა პრობლემები ჯერ კიდევ იმ პერიოდში შეუქმნა, როდესაც იგი ბორინაჟის უღარიბეს დასახლებაში ცხოვრობდა. ეს დასახლება ხელმოკლე მაღაროელებისა და გაჭირვებული გლეხებისაგან შედგებოდა. ვან გოგი, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეშვენის, თითქმის მთელ თავის საკვებ პროდუქტებს ბორინაჟის ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას უთმობდა. ასეთმა იძულებითმა „დიეტამ” კი მის ჯანმრთელობაზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია: ვინსენტმა სწრაფად დაიწყო კბილების დაკარგვა, რაც განპირობებული გახლდათ ვიტამინების, კერძოდ, – C ვიტამინის განსაკუთრებული ნაკლებობით. თავის მხრივ, C ვიტამინის ნაკლებობამ ორგანიზმში, ვან გოგს სურავანდი (ცინგა) განუვითარა.
შემდგომი გამწვავება მხატვარს კბილების მხრივ, ანტვერპენში ცხოვრების ჟამს დაუდგა. იგი ბელგიურ ქალაქში სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ცხელი კერძის დაგემოვნება სულ რაღაც ექვსიოდეჯერ მოუხდა (უსახსრობის გამოისობით, იგი ძირითადად პურსა და ყავას მიირთმევდა). იმისათვის რომ, შიმშილის აუტანელი გრძნობა გაენელებინა, ვინსენტი სისტემატურად ეწეოდა ძალიან ბევრ თამბაქოს.
1886 წელს ვან გოგმა საკუთარ ძმას – თეოს გაუგზავნა წერილი, სადაც ვან იგი იუწყებოდა, რომ დანტისტთან ერთ-ერთი ვიზიტის დროს 10 კბილი ამოიღო ერთბაშად. იმ დორისათვის სტომატოლოგია საკმარისად კი იყო განვითარებული, თუმცა უფულობის გამო მხატვარმა ვერც სათანადოდ იმკურნალა და ვერც პროთეზის გაკეთება ვერ მოახერხა. ამიტომაც აღარ გააჩნდა კბილების უდიდესი ნაწილი 37 წლის ასაკში მყოფ გენიოსს. შედეგად, ვინსენტი მაქსიმალურად ცდილობდა, იშვიათად ან საერთოდ არ გაეღიმა, რაც კარგად ჩანს მის მიერ შესრულებულ ავტოპორტრეტებზე. – (ავტორი გენია.ჯი)