რომი & კართაგენი
პირველი პუნიკური ომის დაწყების წინა პერიოდში, ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებული ქალაქ-სახელმწიფო – კართაგენი, თავისი დაარსებიდან დაახლოებით 550 წელს ითვლიდა. „მარადიული ქალაქი”-ს რომის ასაკი კი იმ დროისათვის 489 წელს შეადგენდა. შესაბამისად, ამ ორი ზესახელმწიფოს წლოვანება ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ბევრ რამეში ანტიკური ხანის ეს ორი ძლევამოსილი მონათმფლობელური ქვეყანა ერთმანეთს ძალიან ჩამოჰგავდა. მათი დედაქალაქები უზარმაზარ მეგაპოლისებს წარმოადგენდნენ და ორივე მათგანი პოლიტიკურად – რესპუბლიკური წყობილებისანი იყვნენ. თუ ერთ მათგანში რეალური ძალაუფლება მდიდარი რომაელი პატრიციების ხელში იყო, მეორე მათგანში კართაგენელი ოლიგარქები ბატონობდნენ. კანონებს რომსა და კართაგენში სენატი იღებდა. სენატორთა რაოდენობა რომშიც და კართაგენშიც ერთნაირი იყო – 300 ადამიანი. გარდა ამისა, ისინი რელიგიური კუთხითაც ჰგავდნენ ერთმანეთს. მათი ტაძრები ორივე დედაქალაქში ყველაზე მაღალ ბორცვებზე იყვნენ განთავსებულნი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რომსა და კართაგენს შორის არსებითი სახესხვაობაც მრავლად მოიპოვებოდა.
რომი თავდაპირველად ისეთ დასახლებას წარმოადგენდა, სადაც უამრავი მაწანწალა, გაქცეული მონები და ავაზაკები იყვნენ დასახლებული. სახელმწიფოებრიობას იქ საფუძველი საბინების ტომიდან გამომავალი – ნუმა პომპილიუსის რეფორმებმა ჩაუყარა საფუძველი. რომმა განვლო მეფობის ხანა, და მხოლოდ ტარკვინიუს ამაყის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ ჩამოყალიბდა იგი რესპუბლიკად.
რომისაგან გასხვავებით, კართაგენი თავდაპირველად წარმოიქმნა, როგორც ფინიკიელთა კოლონია და იქ გაბატონებული წეს-ჩვეულებები და კანონები მათ მიერვე იყო შემოღებული. აღნიშნული პოლისის პოლიტიკური სტრუქტურა ისევე არ შეცვლილა დროთა განმავლობაში, როგორც არ შეცვლილა მისი მკვიდრი მოსახლეობა. რომში კი თავი მოიყარა სხვადასხვა იტალიური ტომის წარმომადგენელმა ხალხმა – ლათინებმა, საბინებმა, ეტრუსკებმა და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, მათ შორის გეოგრაფიულ სხვაობასაც ჰქონდა მიჯნა გავლებული. კართაგენი წარმოიქმნა როგორც აფრიკის სანაპიროზე განთავსებული დიდი საზღვაო პორტი. მას ემეზობლებოდა ისეთი ტომის ხალხები, რომელნიც განვითარებით, ეკონომიკით, სამხედრო სიძლიერითა და პოლიტიკური კულტურის დონით ძალიან ჩამოუვარდებოდნენ ფინიკიელებს. აი, რომს კი კართაგენისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ძლიერი სამეზობლო გააჩნდა, რის გამოც იგი გამუდმებით იყო ომებში ჩართული.
რომი სამხედრო სტრუქტურაზე დაყრდნობილი სახელმწიფო გახლდათ და შესაბამისად, მისი უმთავრეს ძალასაც – არმია წარმოადგენდა, თავისი სახელოვანი ლეგიონერებით. (ავტორი გენია.ჯი) კართაგენი კი უფრო – სავაჭრო სახელმწიფო იყო. მის სამხედრო ძალად ძლიერი ფლოტი მიიჩნეოდა, რომელიც კონტროლს უწევდა საზღვაო გადაზიდვებს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში.
რომის ცენტრს, სადაც განსაკუთრებით დუღდა სიცოცხლე, მარსის ველზე განთავსებული ფორუმი წარმოადგენდა. კართაგენში კი ასეთ ადგილად ქალაქის ნავსადგური იყო მიჩნეული. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ორი ნავსადგური – ერთი სავაჭრო და მეორე სამხედრო.
კართაგენის ოლიგარქიის ინტერესებს კართაგენის არმია იცავდა, რომელიც ძირითადად დაქირავებული ჯარისკაცებისაგან იყო დაკომპლექტებული. მშვიდობიან პერიოდში მათ სრული თავისუფლება ეძლეოდათ და ისინიც თავიანთ სამშობლოებს უბრუნდებოდნენ, რაც კართაგენის ხელისუფლებისათვის ბევრად უფრო მომგებიანი სვლა იყო. რომაულ ლეგიონებში კი რომის მოქალაქეები ირიცხებოდნენ. რომაული კანონმდებლობის თანახმად, პენსიაში გასული ვეტერანებისათვის სახელმწიფოს მიწები უნდა გადაეცათ საკუთრებაში. მიწა კი თავის მხრივ, რომაელებს სადღაც ხომ უნდა მოეპოვებინათ?! და ამიტომაც ეწეოდნენ ისინი გამუდმებულ ბრძოლებს მეზობლებთან. შედეგად, რომაელების სტიმული ტერიტორიების გაფართოებისა ერთიორად იზრდებოდა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ რომის ეკონომიკის ძირითად საფუძველს ვაჭრობის ნაცვლად სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. მუშა ხელის (მონების) დასაუფლებად კი ისინი იძულებული ივნენ გამუდმებით დაეპყროთ ესა თუ ის ხალხი და ესა თუ ის ტერიტორია. კართაგენი დაახლოებით 300 კოლონიას ფლობდა ხმელთაშუაზღვის სანაპიროებზე, რის გამოც ტერიტორიის (მიწის) პრობლემა არ გააჩნდა.
ამიტომაც ცდილობდა თავგამოდებით რომი კართაგენის დაპყრობას და მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას, რაც პირველი პუნიკური ომის დაწყებიდან 120 წლის გასვლის შემდგომ მოახერხა მხოლოდ. – (ავტორი გენია.ჯი)