ედუარ მანე – „ორანჟერეაში”
„ორანჟერეაში” – წარმოადგენს სახვით ხელოვნებაში იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გენიალური ფრანგი ფერმწერისა და გრავიორის - ედუარ მანეს (1832-1883 წლები) მიერ ზეთის საღებავების გამოყენებით ტილოზე დახატულ დიდებულ სურათს, რომელიც ავტორის მიერ 1879 წელს იქნა დახატული. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე – 115 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე – 150 სანტიმეტრი. მასზე გამოსახულია ის პარიზული ორანჟერეა, რომელიც მთელი ცხრა თვის განმავლობაში მანეს სამუშაო სტუდიად იყო ქცეული. სურათის ცენტრალური ნაწილი უკავია მამაკაცისა და ქალის ფიგურებს. მათ თითებზე შესამჩნევად გაკეთებული ბეჭდებით თუ ვივარაუდებთ, ახალგაზრდა წყვილი ცოლ-ქმარი უნდა ყოფილიყო. მანეს შედევრმა-ტილომ იმთავითვე მიიქცია კრიტიკოსთა დიდი ყურადღება. აკი გახდა კიდეც იგი კრიტიკოსებისათვის განსჯისა და გაანალიზების პოპულარული საგანი, რადგან მასზე ასახული ფიგურების გამომეტყველება აშკარად უკეთებდა დემონსტრირებას ცოლ-ქმარს შორის წარმოქმნილ გაუცხოებასა და გულცვობას ერთმანეთისადმი.
ედუარ მანეს აღნიშნული ტილო ფართო საზოგადოებამ პირველად 1879 წელს იხილა პარიზის სალონში და მასში უმალვე ხელოვანის კონსერვატიული ხედვები იქნა აღმოჩენილი. ის კონსერვატიზმი, რომელიც იმ პერიოდში ახასიათებდა გენიალური ფრანგი მხატვრის შემოქმედებას. სურათი მანეს სხვა სამ ტილოსთან ერთად – 11 000 ფრანკად შეიძინა სახელოვანმა ფრანგმა მომღერალმა-ბარიტონმა და კოლექციონერმა – ჟან-ბატისტ ფორმა. 1896 წელს იგი გერმანიის ძველი ეროვნული გალერეისათვის შესყიდული იქნა უგო ფონ ჩუდის მიერ. სწორედ ეს გალერეა იქცა იმ პირველ ეროვნულ მუზეუმად, რომელმაც პატივი დასდო ედუარ მანეს შემოქმედებას და მის მიერ დახატული სურათი შეიძინა.
მეორე მსოფლიო ომის დასასრულში (1945 წელს) სახვითი ხელოვნების სხვა ნიმუშებთან ერთად სურათის ევაკუაცია განახორციელეს ალყაშემორტყმული ბერლინიდან. იგი გადაიტანეს მერკერსის მაღაროებში. საბედნიეროდ, მანეს ტილო აღმოჩენილი იქნა მოკავშირეთა ჯარისკაცების მიერ, რომლებმაც ფრანგი ფერმწერის დიდებული ნამუშევარი – „ორანჟერეაში”, კვლავაც ბერლინის ეროვნულ მუზეუმს დაუბრუნეს, სადაც დღემდეა დაცული. – (ავტორი გენია.ჯი)