ასურნასირფალ II – „ეპიზოდი”
თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არსებული ძველმესოპოტამიური ქვეყნის – ასურეთის მეფის – ასურნასირფალ II-ს მმართველობის ხანაში (ძვ.წ.აღ-ით 884-859 წლები), რომლის სახელთანაც დაკავშირებულია „ახალი ასურული სახელმწიფოს” ჩამოყალიბება, ასურელები ამზადებდნენ სპეციალურ დაფებს, სადაც აღწერილი იყო ყველა ის მხეცური და უსასტიკესი მეთოდი, რომელთა საშუალებითაც ისინი უსწორდებოდნენ თავიანთ ურჩ მტრებს. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად, ასურელთა დაფებში მოყვანილი იყო ამაზრზენი პროცესი ტყვეებზე ცოცხლად ტყავის გაძრობისა, თვალების დათხრისა, ძელზე გასმისა და ასე შემდეგ. აღნიშნულ დაფებს ასურელები იმ ქალაქებში გზავნიდნენ, რომელთა დაპყრობასაც შემდგომში ეშურებოდნენ ისინი. ყოველივე ეს, თავის მხრივ, თავზარს სცემდა ასურელთა მომავალ მსხვერპლთ.
ასეთი სახის დაფები განსაკუთრებით გავრცელებული იყო ასურნასირფალის მეფობის ჟამს. ასწლეულების გასვლის შემდგომ, არქეოლოგებმა უამრავი დაფა აღმოაჩინეს, რომლებზედაც აღწერილი იყო ასურელთა მიერ დაპყრობილი ქალაქების მეციხოვნეებისა და მოსახლეობის მხეცური დასჯა. მაგალითად, ერთ-ერთი დაფა, რომელიც პირადად ასურნასირფალს ეკუთვნოდა, გვაუწყებს: „მე ცოცხლად გავაძვრე ტყავი ქალაქის თითოეულ დამცველს და შემდეგ ისინი იმავე ქალაქის გალავნებზე გამოვკიდე… მე ცოცხლად დავწვი ქალაქში მაცხოვრებელი ყველა ბავშვი… ხოლო ქალაქის მაცხოვრებელთა მოკვეთილი თავებით ავაგე უზარმაზარი კოშკი…”
მას შემდეგ, რაც ასურელთა არმია დასაპყრობად განწირული ქალაქის გალავანთან გამოჩნდებოდა, მოსახლეობამ უკვე კარგად უწყოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, რაოდენ არაადამიანური სატანჯველით დაისჯებოდნენ ისინი. ამიტომაც აბარებდა რიგი ქალაქების სულიერად დემორალიზირებული მოსახლეობა უბრძოლველად ასურელებს თავიანთ მშობლიურ ქალაქებს. შედეგად კი, ასურნასირფალმა ჩამოაყალიბა „ახალი ასურული სახელმწიფო”. სახელმწიფო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში თავზარს სცემდა სხვა ქვეყნებს. – (ავტორი გენია.ჯი)