ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”
კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი - სერ ისააკ ნიუტონი (1642-1727 წლები), არ იყო მოგზაურობის მოყვარული სწავლული და მან ისე განვლო მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება, რომ სხვა მრავალი მეცნიერისაგან განსხვავებით, სამშობლოს საზღვრები არასოდეს არ დაუტოვებია. (ავტორი გენია.ჯი) გარდა მოგზაურობისა, ისააკი არასოდეს ყოფილა გატაცებული სპორტით, თეატრით, მუსიკითა და სახვითი ხელოვნებით. და ეს მაშინ, როდესაც თავად ხატვის შესანიშნავი ნიჭით გახლდათ დაჯილდოვებული განგებისაგან. აკი ამბობდა კიდეც, „მეწაღეს გაცილებით დიდ პატივს ვცემ, ვიდრე კომედიანტს, რადგან პირველი მათგანი ბევრად უფრო სასარგებლოა ხალხისთვის, ვიდრე ეს უკანასკნელიო”. გარდა ამისა, ნიუტონის ბიოგრაფები იმასაც ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მეცნიერს ისტორიაში, იუმორის გრძნობა საერთოდ არ გააჩნდაო.
სამაგიეროდ, ისააკი შესაშური ჯანმრთელობით გამორჩეული პიროვნება ყოფილა. ამბობენ იმასაც, რომ ისე განვლო ცხოვრება, ერთადერთი კბილის გარდა ყველა კბილი ჯანსაღ მდგომარეობაში შეინარჩუნაო. სწავლული არც მხედველობას არ უჩიოდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, არასოდეს უტარებია სათვალეები. იგი მიიჩნევდა, რომ სასიყვარულო ვნება ადამიანის გონებაზე უარყოფითად მოქმედებდა. ამიტომაც არ დაქორწინებულა არასდროს. თუმცა-კი, სიყმაწვილეში ისააკიც დაატყვევა მეზობლის გოგონას, ვინმე – მის სტორეის სიყვარულმა. სწორედ ეს იყო ერთადერთი ქალი ნიუტონის ცხოვრებაში, ვინაც ამ გენიალურმა მეცნიერმა შეიყვარა და, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრების განმოვლობაში უმართავდა ხელს ეკონომიურად. გარდა მის სტორეისა, ისააკი ასევე მუდმივად ეხმარებოდა ფინანსურად თავის ნათესავებსა და მეგობრებს.
1705 წელს ისააკ ნიუტონს „რაინდის” საპატიო ტიტული უბოძა ინგლისის სამეფო კარმა, რითაც იგი იმ პირველ ადამიანად იქცა, ვისაც „რაინდის” ტიტული მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის ებოძა. – (ავტორი გენია.ჯი)