ვლადიმერ ნაბოკოვი – „ეპიზოდი”
1955 წელს პარიზში გამოცემული იქნა დიდი რუსი მწერლის - ვლადიმერ ნაბოკოვის ერთობ პროვოკაციული და სკანდალური სიუჟეტის მქონე რომანი – „ლოლიტა”. მოგვიანებით იგი გავრცელებული იქნა „ნისლიან ალბიონზეც”. „ეჭვს გარეშეა, რომ ეს წიგნი არის ყველაზე ბინძური წიგნი, რაც კი ოდესმე წამიკითხავსო”. – ასე გამოეხმაურა ნაბოკოვის ლიტერატურულ ქმნილებას პოპულარული ინგლისური გაზეთის – „სანდეს ექსპრესის” მთავარი რედაქტორი – ჯონ გორდონი. (ავტორი გენია.ჯი) არადა მანამდე, თავად ავტორიც კარგად ათვითცნობიერებდა, მის მიერ დაწერილი ნაწარმოების სიუჟეტი ერთობ თამამი და პროვოკაციული რომ იყო. სწორედ ამის გამო აპირებდა იგი „ლოლიტა”-ს გამოქვეყნებას ფესვდონიმით. ის კი არა და, ერთხელ ნაბოკოვმა მისი განადგურებაც მოინდომა, რაშიაც ხელი მწერალს მეუღლემ – ვერამ შეუშალა. „ცოტაც მოიცადე”. – ასეთი იყო ცოლის რჩევა ქმრისადმი, რაც ვლადიმერმა გაითვალისწინა. ამბობენ იმასაც, რომ, როდესაც ნაბოკოვი რომანზე მუშაობას მორჩა, მისმა სიუჟეტმა თავადაც კი შეზარაო.
„ლოლიტა”-ს გამოქვეყნება ავტორს დიდ პრობლემად და თავის ტეხად ექცა. რადგანაც აშშ-ი არსებული საგამომცემლო სახლები მას პორნოგრაფიული ჟანრის ნაწარმოებად მიიჩნევდნენ, მის გამოცემაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ. ერთ-ერთმა საგამომცემლო სახლის ხელმძღვანელმა ვლადიმერს ასეთი რამაც კი უთხრა – „ჩვენ ყველანი ციხეში აღმოვჩნდებით ეს რომანი რომ გამოვაქვეყნოთო”. შედეგად ნაბოკოვი იძულებული იყო, ამერიკას გასცლოდა და ბედი პარიზში ეძია, სადაც გამოიცა კიდეც პირველად მისი ტაბუდადებული რომანი. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ „ლოლიტა” გამოაქვეყნა ფრანგულმა საგამომცემლო სახლმა – „ოლიმპია-ექსპრესმა”, რომელიც სპეციალიზირებული იყო პორნოგრაფიული ჟანრის მქონე ნაწარმოებების გამოცემაზე, რაც თავდაპირველად არ იცოდა ვლადიმერმა.
1955 წელს მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს ორი უმნიშვნელოვანესი ქმნილება შეემატა: ნაბოკოვის – „ლოლიტა” და ბორის პასტერნაკის – „ექიმი ჟივაგო”. 1958 წელს ნობელის კომიტეტმა ამ ორ ლიტერატურული ქმნილების ავტორს შორის არჩევანი პასტერნაკის სასარგებლოდ შეაჩერა, რამაც ვლადიმერს უკიდურესად მტკივნეული განცდა მოჰგვარა. მწერლის ახლობელთა მტკიცებით, სწორედ ამის შემდგომ მოუძულებია ნაბოკოვს თავისი პირმშო – „ლოლიტა”. აკი უთქვამს კიდეც – „მართლაცდა ღირს, რომ ეს ყალბი და უვარგისი წიგნი სრულად განადგურდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)