ენდი უორჰოლი – „ეპიზოდი”
სკანდალურად ცნობილი ამერიკელი მხატვარი და ავანგარდისტი კინოხელოვანი – ენდი უორჰოლი (1928-1987 წლები), რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის „დედიკოს ბიჭს” უწოდებდა, ერთობ უცნაური თვისებების მქონე პერსონა იყო. (ავტორი გენია.ჯი) „სახვით ხელოვნებაში ფეხი შევდგი როგორც კომერციულმა მხატვარმა და ჩემი კარიერა მსურს დავასრულო როგორც ბიზნეს-მხატვარმაო”, – ხშირად აღუნიშნავს მას. და მართლაც, უორჰოლი ხელოვნებას თავისი მერკანტიული მიზნების განხორციელებისთვის იყენებდა. აკი არც მალავდა, როცა ამბობდა, რომ ხელოვნებისაგან უთუოდ დიდი ფული უნდა ვიშოვოო. იშოვა კიდეც…
თუკი ენდის ბიოგრაფებს ვერწმუნებით, ამ ექსცენტრიულ კაცს, სხვა უამრავ უცნაურ თვისებასთან ერთად, ერთი ფრიად უჩვეულო თვისებაც ახასიათებდა: ყოველ ჯერზე, როდესაც კი იგი ახალ ფეხსაცმელებს იყიდდა, იმისათვის, რომ მისთვის სიახლის ხიბლი დაეკარგა, ზედ თავის მრავალრიცხოვან კატებს ასაქმებინებდა (ამბობენ, რომ უორჰოლის სახლში 27 სიამის კატას ჰქონდა ბინა დადებულიო). მისთვის ასევე დამახასიათებელი იყო ამა თუ იმ რესტორანში ხშირი სადილობა. ალბათ გაგიკვირდებათ, რომ ამ დროს იგი ისეთი კერძების შეკვეთასაც იძლეოდა მენიუდან, რომელსაც თავად არასოდეს არ გეახლებოდათ. თუმცა ამას თავისი კაცთმოყვარული დანიშნულებაც გააჩნდა: როდესაც ენდი ჭამას მორჩებოდა, იგი მიმტანისაგან სუფრაზე დარჩენილი კერძების შეფუთვას ითხოვდა, რათა ისინი თან წაეღო. რესტორნიდან გამოსული კი, ფაქიზად შეხვეულ საკვებს ყოველთვის ქუჩაში „დაბინავებულ” უსახლკარო ადამიანებს ურიგებდა. – (ავტორი გენია.ჯი)