ჟილბერტ კიტ ჩესტერტონი – „ეპიზოდი”
„თქვენგან შესანიშნავი ღმერთი დადგებოდაო”. – ასეთი უჩვეულო და მრავლისმეტყველი ფრაზით დაასრულა დიდი ინგლისელი მწერლის – ჟილბერტ კიტ ჩესტერტონისადმი (1874-1936 წლები) მიწერილი ერთ-ერთი წერილი ე.ვ. ლუკასმა. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ვინც ამ ბრწყინვალე ლიტერატორს იცნობდა, ყველა მათგანი ხაზს უსვამდა მის გასაოცრად გულკეთილ, გულჩვილ და კაცთმოყვარე ბუნებას. მისი მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ (იგი გულის შეტევით აღესრულა), ჩესტერტონის საუკეთესო ბიოგრაფად აღირებული – მეზი უორდი წერდა – „ნამდვილი პარადოქსია: კაცი, რომელსაც კეთილშობილ გულთა შორის ყველაზე კეთილშობილი გული ჰქონდა, ძალიან პატარა აღმოჩნდაო”.
ჩესტერტონის კალამს ეკუთვნის 6 რომანი, 11 წიგნი თხზულებებისა, 10 ბიოგრაფია და 7 წიგნი ლექსებისა. მისი შემოქმედების მოტრფიალები იყვნენ ისეთი ცნობადი პერსონები, როგორებიცაა – ერნესტ ჰემინგუეი, კარელ ჩაპეკი, ბერნარდ შოუ, რადიარდ კიპლინგი, რომის პაპი – პიუს XI, კორნეი ჩუკოვსკი და სხვანი და სხვანი. იგი არასოდეს ერიდებოდა თვითკრიტიკას და იმასაც გადმოგვცემენ, რომ ერთადერთი ვისაც დასცინოდა – საკუთარი თავი იყოო.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შესაშურ თვისებასთან ერთად, ჟილბერტი უკიდურესი თავმდაბლობითაც გამოირჩეოდა. მიუხედავად უდიდესი პოპულარობისა, იგი მაინც არ მიიჩნევდა თავს ისეთ ლიტერატორად, რომლითაც ასე უნდა აღფრთოვანებულიყო პუბლიკა. კითხვაზე, თუ რომელ ლიტერატურულ ქმნილებას მიიჩნევდა იგი საკუთარი შემოქმედებიდან ყველაზე დიად ნაწარმოებად, ჩესტერტონმა მისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობით გასცა პასუხი: „მე არც ერთ ჩემს ნაწარმოებს არ მივიჩნევ დიად ლიტერატურულ ქმნილებადო”. – (ავტორი გენია.ჯი)