ჰაიმ სუტინი – „ეპიზოდი”
ბელორუსიაში დაბადებული ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვანი ფრანგი მხატვარი – ჰაიმ სუტინი (1893-1943 წლები), ერთობ ხელმოკლე ოჯახის შვილი იყო. მომავალი ფერმწერის ოჯახს თავისი სიდუხჭირის გამო იმის საშუალებაც კი არ ჰქონდა, სახვითი ხელოვნების დიდებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვისათვის ხატვისთვის საჭირო ატრიბუტები შეეძინათ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ჰაიმი იძულებული ხდებოდა, ისედაც ღარიბ-ღატაკი ოჯახიდან საყოფაცხოვრებო ნივთები მოეპარა და ისინი ხატვისთვის საჭირო ნივთებზე გადაეცვალა ქუჩაში. ყოველ ჯერზე, როდესაც იგი ასეთ ქმედებას ჩაიდენდა, მშობლებისაგან ბნელ ოთახში ჩაკეტვით ისჯებოდა. თუმცა ასეთი მეთოდი მას მაინც ვერ აოკებდა. იმ გარემოებამ, რომ ჰაიმი ბავშვობაში ხშირად იყო ჩაკეტილი ბნელ ოთახში, როგორც ჩანს მის ფსიქიკაზე გარკვეული ზეგავლენა იქონია. სწორედ ამ გარემოებას მიაწერს მისი ბიოგრაფების ერთი ნაწილი სუტინისათვის დამახასიათებელ იმ უჩვეულო თვისებას, რომელმაც ერთხელ თვით მრავლისმნახველი ამადეო მოდილიანიც კი უკიდურესად გააოგნა: ჰაიმი ხატვის პროცესში ყოველთვის დედიშობილა იმყოფებოდა (რაც ერთხელ საკუთარი თვალით იხილა მოდილიანმა). სუტინის ბიოგრაფთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი უჩვეულო მეთოდით ხატვა გამოწვეული იყო არა იმდენად მხატვრის ფსიქიკური მდგომარეობის შედეგად, რამდენადაც მისი უკიდურესი ხელმოკლეობით. რადგანაც მას არ გააჩნდა ახალი ტანსაცმელის ყიდვის საშუალება, იგი ცდილობდა, რომ თავის მფლობელობაში არსებული ერთადერთი და ისიც გაცვეთილი ტანისამოსი საღებავებით დაესვარა. – (ავტორი გენია.ჯი)