ესქილე – „ეპიზოდი”
„ევროპული ტრაგედიის მამად” წოდებული დიდი ძველ ბერძენი დრამატურგი – ესქილე (ძვ.წ.აღ-ით 525-456 წლები), რომლის სახელთანაც ასოცირდება ტრილოგიისა და ტეტრალოგიის ფუძემდებლობა, ბერძენ-სპარსელთა ომის უშუალო მონაწილე გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, საყოველთაოდ ცნობილი მარათონისა და სალამინის ბრძოლების მონაწილე ესქილე არ იყო თავისი ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი, ვინაც სპარს დამპყრობელთა წინააღმდეგ აღმართა მახვილი. მის მსგავსად, დარიოსის უზარმაზარ არმიას წინ აღუდგა ესქილეს უმამაცესი ძმა – კინეგიროსიც, რომელმაც განსაკუთრებული ვაჟკაცობით გაითქვა სახელი მტრის წინააღმდეგ მიმართულ დაუნდობელ ბრძოლაში. ესქილე მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ამაყობდა ამ მოვლენით, რასაც მის ძეგლზე გაკეთებული წარწერაც მოწმობს. სიცილიაში განთავსებული ქალაქ ჯელის მაცხოვრებლებმა (სადაც აღესრულა იგი) ესქილეს საფლავზე აღმართეს ძეგლი, რომელსაც შემდეგი სახის წარწერა გაუკეთეს: „აქ განისვენებს ესქილე, ძე ევფორიონისა და სიამაყე ჯელისა. თუ როგორი იყო მისი სივაჟკაცე, ამაზე დეე გიამბონ მარათონმა და გრძელთმიანმა მიდიელებმა, რომლებმაც ეს სივაჟკაცე კარგად გაიცნეს“. – ის რომ, ესქილე სახელოვანი დრამატურგი იყო, არავის გაუმახვილებია ყურადღება.
გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის მშობლიურ ქალაქ ელევსინში განსაკუთრებით ეთაყვანებოდნენ ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველ ძველ ბერძნულ ღვთაებას – დემეტრას. იგი იმ რჩეულ ბერძენთა შორის იმყოფებოდა, ვისაც ამ ეგზომ პოპულარული ღვთაებისადმი მიძღვნილ რიტუალებსა და მისტერიებში ჰქონდა მონაწილეობის უფლება დართული. თითოელი ასეთი რიტუალი იმდენად გასაიდუმლოებული უნდა დარჩენილიყო გარეშეთათვის, რომ მის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება გამავრცელებლის – სიკვდილით იჯებოდა. არისტოტელეს ცნობების თანახმად, დიდ ძველ ბერძენ დრამატურგს ზემოაღნიშნული ტაბუ პირველად მაშინ დაურღვევია, როდესაც რიტუალის ზოგიერთი ნაწილი თეატრის სცენიდან წარუდგენია მაყურებლისათვის. ამიტომაც დაუშენია თურმე პუბლიკას ქვები ესქილესათვის. თუმცა მარტო ქვების სროლით საქმე არ ამოწურულა: იგი სასამართლოს წინაშე წარმსდგარა, სადაც თავისი „მკრეხელური” ქმედება, მისივე უცოდინარობით აუხსნია.
იგივე არისტოტელეს მტკიცებით, ერთადერთი, რასაც ესქილე უეჭველი სასჯელისაგან უხსნია, ყოფილა ის, რომ სასამართლოს გაუთვალისწინებია დრამატურგისა და მისი ძმის თავდადებული სამსახური ქვეყნის წინაშე ბერძენ-სპარსელთა ომის პერიოდში. – (ავტორი გენია.ჯი)