ისააკ ნიუტონი – „ეპიზოდი”
1665-1666 წლებში ლონდონი „შავი ჭირის” საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა, რამაც თავის მხრივ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შედეგად, ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა საყოველთაო კარანტინი გამოეცხადებინა სამეფოს მთელ ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა თანამედროვე პერიოდისაგან განსხვავებით, იმ პერიოდის „ნისლიან ალბიონზე” ერთობ ორიგინალური საკარანტინო წესები მოქმედებდა. ასე მაგალითად, სახლს, რომელშიაც შავი ჭირის შედეგად აღესრულა ადამიანი, მთელი 40 დღის განმავლობაში კეტავდნენ გარედან. ამ დროს, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს სასტიკად ეკრძალებოდათ ბინის დატოვება. სახლის ცენტრალურ კარებზე კი ახატავდნენ წითელ ჯვარს, რომლის ქვემოთაც შემდეგი სახის წარწერას აკეთდებდნენ – „უფალო, შეგვიწყალენ!”
ამიტომაც ცდილობდა მოსახლეობა ლონდონი როგორმე დაეტოვებინა. მაშინ 23 წლის ასაკში მყოფი გენიალური ინგლისელი სწავლული – ისააკ ნიუტონი (1642-1727 წლები) კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ წმინდა სამების კოლეჯში გადიოდა სწავლის კურს. როდესაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლა შეწყდა, კლასიკური ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი იძულებული გახდა ლონდონი დაეტოვებინა და მშობლიურ ლინკოლნშირის საგრაფოს დაბრუნებოდა. ახლა მას ადრინდელი პერიოდისაგან განსხვავებით, უამრავი თავისუფალი დრო გაუჩნდა, რამაც სწავლულს საშუალება მისცა სხვადასხვა სახის ცდებით დაკავებულიყო. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ნიუტონის მიერ დიფერენციალური და ინტეგრალური გამოთვლების თეორიის ჩამოყალიბება. და რაც ყველაზე მთავარია, „მსოფლიო მიზიდულობის კანონის” შექმნა.
კარანტინის ხანგრძლივობამ იმდროინდელ ინგლისში წელიწადნახევარს გასტანა და ეს დრო სწავლულისათვის ყველაზე ნაყოფიერი გამოდგა სამეცნიერო კვლევების ჩატარების კუთხით. შედეგად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ თუ ვინმემ ისარგებლა შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად გამოწვეული კარანტინით, ეს სწორედ რომ თვითიზოლაციაში მყოფი – ისააკ ნიუტონი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)