ჯორჯ გორდონ ბაირონი – „ეპიზოდი”
1824 წლის მაისში ლონდონში ჩადენილი იქნა ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაული ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში: გენიალური ინგლისელი რომანტიკოსი-პოეტის - ჯორჯ გორდონ ბაირონის (1788-1824 წლები) გარდაცვალებიდან სულ რაღაც ერთიოდე თვეში, პოეტის უახლოესი მეგობრების თანდასწრებით გაანადგურეს (დაწვეს) ახლადგარდაცვლილი ბაირონის მემუარები. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოეტის ანდერძის თანახმად, აღნიშნული მემუარები გამოქვეყნებული უნდა ყოფილიყო ავტორის გარდაცვალებიდან 20 წლის გასვლის შემდეგ. სწორედ რომ ასეთი გახლდათ უკანასკნელი ნება რომანტიკოსი-პოეტისა. მემუარების გამოქვეყნების უფლება ჯორჯმა თავის უახლოეს მეგობარსა და მისივე ბიოგრაფიის ავტორს – ტომას მურს მიანიჭა. რამდენიმე ხანში მურმა დაარღვია დადებული პირობა და ბაირონის მოგონებები ცნობილ ინგლისელ გამომცემელს – ჯონ მიურეის მიჰყიდა. მას შემდეგ, რაც მიურეი ლიტერატორის მემუარებს გაეცნო, მან პოეტის ოდინდელ მენეჯერთან – ჯონ ჰობჰაუსთან აწარმოა მოლაპარაკება იმის შესახებ, თუ როგორ სჯობდა მოქცეოდა ჯორჯ გორდონ ბაირონის მოგონებათა კრებულს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყვეტილი იქნა – ბაირონის მემუარების სრული სახით განადგურება. მათი აზრით, პოეტის ჩანაწერები შეიცავდა იმდენად სკანდალურ ინფორმაციებს, რომ ისინი არა მხოლოდ არ უნდა გამოქვეყნებულიყო, არამედ არც კი უნდა ეარსებათ საერთოდ მათ.
ბაირონის მემუარების მოსპობამ იმთავითვე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში. თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა, რადგან პოეტის ნათესავებს არ სურდათ ბაირონის სკანდალური მემუარები საზოგადოების ფართო მასებისათვის გამხდარიყო ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ბაირონის მოგონებების განადგურების უმთავრეს მოტივად იქცა მასში მოთხრობილი უკიდურესად ამორალური და ყოვლად ამაზრზენი ისტორია, რაც ინგლისელ პოეტსა და მის ღვიძლ დას შორის არსებულ ინტიმურ ურთიერთობებს უკავშირდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)