ემილ ზოლა – „ეპიზოდი”
იტალიური წარმომავლობის მქონე სახელოვანი ფრანგი მწერლისა და პუბლიცისტის – ემილ ზოლას (1840-1902 წლები) მამას, პროფესისით ინჟინერს – ფრანსუა ზოლას, მის მიერ წამოწყებულმა ექს-ან-პროვანსის არხის მშენებლობის პროექტმა ვერანაირი ფინანსური სარგებლობა ვერ მოუტანა (იგი არხის მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა). შედეგად, მისი ოჯახი დიდი ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ფრანსუა, რომლის ნამდვილი გვარი – „ძოლა” იყო, ნოვატორული იდეებით აღჭურვილ, ძალიან გამბედავ და თავგადასავლების მოყვარულ კაცს წარმოადგენდა. სანამ იგი ემილის დედაზე დაქორწინდებოდა, მანამ მან ნახევარი ევროპის შემოვლა მოასწრო; მონაწილეობა მიიღო პირველი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაში; როგორც ფრანგული უცხოური ლეგიონის მეომარი – იბრძოლა ალჟირში. თუმცა მისი სამხედრო კარიერა არ აეწყო, რადგან დიდ სკანდალში გაეხვა. მას ბრალი დაედო – თანხების გაფლანგვაში. შედეგად, ზოლას მამა იძულებული გახდა სამხედრო კარიერა უსახელოდ, შერცხვენილს დაესრულებინა.
მისმა ავანტურისტულმა მოღვაწეობამ მომავალი მწერლის ოჯახი უკიდურეს სიდუხჭირემდე მიიყვანა. ამას თან დაერთო ისიც, რომ 1847 წელს ემილის მამა პნევმონიას ემსხვერპლა. შედეგად, ზოლას ოჯახი – დაიმშა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით)! ოჯახის მძიმე ტვირთის ზიდვა დედას მოუხდა. მაგრამ, რა უნდა ეღონა დაქვრივებულ ქალს, რომელსაც არავითარი ფინანსური შემოსავალი არ გააჩნდა?! მაშველ რგოლად მას პატარა ვაჟიშვილი – ემილი მოევლინა, ვინაც იმისათვის, რომ დამშეული ოჯახი როგორმე გამოეკვება, მტრედებსა და ჩიტებზე დაიწყო მასიურად ნადირობა. სანამ სამწერლო ასპარეზზე შედგამდა ფეხს და ფინანსურად მოიდგამდა წელს, მომავალ ლიტერატორს გარკვეული ხნის განმავლობაში მაღაროებშიც მოუხდა მუშაობა. ფაქტობრივად, არ არსებობდა სამუშაო, როგორი მძიმე და შრომატევადიც არ უნდა ყოფილიყო ის, რომელზედაც ემილი უარს იტყოდა. თუმცა, მისდა საბედნიეროდ, ყოველივე ეს, მოგვიანებით – წარსულს ჩაბარდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანსუა ზოლა