ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
საფრანგეთის ლეგენდად ქცეულ მეფეს – ლუი XIV დე ბურბონს (1638-1715 წლები), რომელმაც იმ პერიოდის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია თავისი ქვეყანა, იმთავითვე განმარტოებულ გარემოში, ქვეშევრდომებისაგან განრიდებით მყოფს უყვარდა ტრაპეზობა. (ავტორი გენია.ჯი) ვერსალის ბრწყინვალე სასახლეში მყოფი „მეფე-მზე” ლანჩს უმეტესწილად სასახლის ცენტრალურ ფანჯარასთან განთავსებულ ოთხკუთხა მაგიდასთან მართავდა. უყვარდა გემრიელი კერძები და განსაკუთრებით – ტკბილეული, რამაც კბილებზე ადრეულ ასაკშივე შეუქმნა პრობლემები. ფრანგი მონარქის ტრაპეზობის ჟამს, მის მაგიდასთან მისვლა და დაჯდომა ლუის ნებართვის გარეშე არც ერთ ქვეშევრდომს არ შეეძლო. იმ შემთხვევაში, თუ მეფე მოწყალებას მოიღებდა და თავად მიიწვევდა მაგიდასთან რომელიმე დიდებულს, მაშინ ლუისაგან სუფრაზე მიწვეულს ისე უნდა ეტრაპეზა, რომ თავზე უცილობლად ქუდი უნდა ჰხურებოდა. სანამ ლანჩი არ დასრულდებოდა, მას უფლება არ ეძლეოდა ქუდი მოეხადა. ეს გახლდათ ერთგვარი საჩვენებელი სამეფო ეტიკეტი, რომელიც ხაზს უსვამდა იმას, რომ სუფრაზე ქუდით მყოფი ადამიანი მეფის სტუმარი იყო და არა პირიქით, მასპინძელი.
დღის ერთადერთი მონაკვეთი, როცა იგი ოჯახისა და უახლოესი გარემოცვის წევრებთან ერთად მართავდა ტრაპეზს, – საღამო ხანი იყო. ცნობისათის, ამ გურმან მონარქს ძალიან სიამოვნებდა, როცა მასთან ერთად მოტრაპეზე ადამიანები ისეთივე გატაცებით შეექცეოდნენ ვახშამს, როგორი გატაცებითა და მონდომებითაც თავად შეექცეოდა ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)