მარკუს გაბიუს აპიციუსის შესახებ…
მარკუს გაბიუს აპიციუსმა, რომელსაც ცხოვრება და მოღვაწეობა მოუხდა რომის ოდიოზი იმპერატორის – ტიბერიუსის მმართველობის ჟამს, ისტორიაში თავი დაიმკვიდრა როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და დახვეწილმა „ძველ რომაელმა გურმანმა”. (ავტორი გენია.ჯი) მისთვის იმდენად მნიშვნელოვან თემას წარმოადგენდა კარგი კვება, რომ მას ფილოსოფიური მსოფლმხედველობითაც კი უდგებოდა. აკი მიუძღვნა კიდეც რამდენიმე წიგნი კულინარიას. გარდა ამისა, ეს უმდიდრესი ადამიანი ყოველთვის აძლევდა რჩევებს თავის მზარეულებს იმის შესახებ, თუ რომელი კერძი როგორ უნდა დაემზადებინათ მათ. აპიციუსი ირწმუნებოდა, რომ ყველაზე დიდი სიამოვნება, რასაც იგი ცხოვრებისაგან იღებდა, სწორედ რომ ხელოვნების დონეზე აყვანილი უგემრიელესი კერძების დაგემოვნება იყო. ამიტომაც ეხარჯებოდა მას განსაკუთრებით დიდი ფული საუკეთესო ხარისხის მქონე საკვები პროდუქტების შეძენაზე.
დიდი ძველ რომაელი ერუდიტი-მწერალი – პლინიუს უფროსი გვამცნობდა, რომ აპიციუს ყველაზე მეტად მაინც ფლამინგოს ენისაგან დამზადებული კერძები უყვარდაო. უმაღლესი ხარისხის დელიკატესური პროდუქტი ფუა-გრა რომ მიეღო, ამისათვის იგი ღორებს ლეღვის ჩირით კვებავდა, ხოლო სასმელ საშუალებად კი თაფლშერეულ ღვინოს აძლევდა ზომიერების ფარგლებში. თუმცა მარტო ღორები არ ყოფილან ერთადერთი სახეობის ცხოველები, რომელთაც ეგზომ უჩვეულო საჭმელ-სასმელით კვებავდა მდიდარი მეპატრონე. იმისათვის რომ ბატებს ერთიორად გაზრდოდათ ღვიძლი, აპიციუსი თაფლითა და კარგად დამუშავებული ლეღვის ჩირით უმასპინძლდებოდა მათაც.
ეგზოტიკური კერძების მოყვარული მარკუსი თავის საპატიო სტუმრებს ყოველთვის ფლამინგოებისა და აფრიკული სტრაუსების ენებისაგან დამაზდებული ძვირადღირებული კერძებით უმასპინძლდებოდა. გარდა ამისა, მენიუში ხშირად შედიოდა ხოლმე აქლემის ჩლიქებისაგან დამზადებული ეგზოტიკური კერძებიც. ამიტომაც ამბობენ, აპიციუსმა უდიდესი წვლილი დაიდო ძველ რომაული კულინარიული ხელოვნების განვითარებაშიო.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ძველი რომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გურმანი არაზომიერად მიღებულ საკვებს კი არ უმსხვერპლია, არამედ იგი ემსხვერპლა თავისივე უკიდეგანო გულუხვობას. მან რომის თავისუფალი მოქალაქეებისათვის სპეციალურად გამართა უზარმაზარი წვეულება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაშლილი სუფრები დატვირთული იყო მადისამღძვრელი ძვირადღირებული კერძებით. საერთო ჯამში, აპიციუსის ბიუჯეტს რომაელთა უფასოდ გამასპინძლება იმ დღეს – 100 მილიონი სესტერცი დაუჯდა. როდესაც იგი დანახარჯის სრულ ანგარიშს გაეცნო, ელდა ეცა. აღმოჩნდა, რომ მის განკარგულებაში მხოლოდ 10 მილიონი სესტერციღა დარჩენილიყო. შედეგად, მარკუსმა მიიჩნია, რომ ასეთი თანხით ვეღარ შესძლებდა ძველებურად „ფართოდ ფეხის გაშლას”, რამაც იგი ისეთ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა, რომ სიცოცხლე მოწამვლის გზით – თვითმკვლელობით დაასრულა. – (ავტორი გენია.ჯი)