იოზეფ II – (რეფორმატორი იმპერატორი)
საღვთო რომის იმპერატორი – იოზეფ II (1741-1790 წლები), თავისი მმართველობის დასაწყისში გულუბრყვილოდ ვარაუდობდა, რომ ადამიანების თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით შესძლებდა სრულყოფილი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიაც დამკვიდრებული კანონები ხელს შეუწყობდნენ – „დედამიწაზე სამოთხის” დამკვიდრებას. (ავტორი გენია.ჯი) უნდა აღნიშნოს, რომ მარი ანტუანეტის ძმის ეგზომ თამამ შეხედულებებს იმთავითვე არ იზიარებდა იოზეფის დედა – მარია ტერეზია. იგი თავის უფროს ვაჟიშვილს მოუწოდებდა, ბევრად უფრო ფრთხილად მიდგომოდა ქვეყანაში განსახორციელებელი რეფორმების საკითხს. განათლებული აბსოლუტიზმის იდეების მიმდევარმა მონარქმა თავისი იდეების ხორცშესხმა კონსერვატიული მსოფლმხედველობის მქონე დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ იოზეფის მიზანი კეთილშობილური იყო, იგი როგორც რეფორმატორი, მაინც უფრო თეორიტიკოსად რჩებოდა, ვიდრე პრაქტიკოსად. მისი აზრით მან ყველაფერი ყველაზე უკეთ იცოდა, რის გამოც არავის რჩევებს არ დაუგდო ყური. მეფე მზად იყო, თავისი ქვეშევრდომებისათვის ბევრად უკეთესი ცხოვრების მოსაწყობად ჯერ არნახული რეფორმები განეხორციელებინა მისი უზარმაზარი იმპერიის ტერიტორიაზე. პირველი რეფორმის განხორციელება მან სახელმწიფოს ბიუროკრატიულ სამსახურში დაიწყო. ამას თან მოჰყვა რიგი ლიბერალური კანონების შემოღება. ასე მაგალითად, საღვთო რომის იმპერიაში აიკრძალა – პატიმართა წამება; იმპერიის ღარიბ-ღატაკი მოსახლეობა და ბავშვთა სახლებში მობინადრე ობოლი ბავშვები უზრუნველყო უფასო სამედიცინო მომსახურებით (გარდა ამისა, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო ობლების გამოკვება); იოზეფის ბრძანებით გაუქმებული იქნა დიდებულებზე მორგებული კანონი, რითაც იმპერიის მთელი მოსახლეობა თანაბარუფლებიანი გახადა კანონის წინაშე (აღნიშნულმა კანონმა განსაკუთრებით გააღიზიანა არისტოკრატები); იმპერატორის ბრძანებით გაუქმდა ცენზურა ბეჭდით მედიაში. საერთო ჯამში, ამ რეფორმატორმა მეფემ თავისი მმართველობის ჟამს 10 000-ზე მეტი ახალი კანონი გამოსცა (დღეში საშუალოდ 2 კანონი). და ყველა ეს კანონი ეხებოდა ცხოვრების აბსოლუტურად ყოველ სფეროს. მან აკრძალა ძვირადღირებული დაკრძალვები. იმისათვის, რომ ჭირისუფლებს ზედმეტი ფული არ დახარჯვოდათ, მიცვალებულების დასაფლავება კუბოებით აღარ მიმდინარეობდა. ისინი ცხედრებს ტომრებში ახვევდნენ და ისე აბარებდნენ მიწას.
იოზეფის ასეთი სახის რეფორმამ არა მხოლოდ დიდებულები განაწყო უარყოფითად მის მიმართ, არამედ უბრალო მოსახლეობაც. ამას თან დაერთო იმპერატორის ინიციატივით ქვეყანაში შემოღებული კანონი „რწმენის თავისუფლების” შესახებ, რითაც მან კიდევ ერთი დიდი მტერი შეიძინა კათოლიკური ეკლესიის სახით. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რეფორმატორ მმართველს თავისი კეთილშობილი მისწრაფება მისივე წინააღმდეგ შემოუბრუნდა. ქვეყანაში გახშირდა აჯანყებები და საპროტესტო გამოსვლები. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ იოზეფის წინააღმდეგ გამოვიდა მისგანვე ცენზურისაგან განთავისუფლებული ბეჭდური მედიაც. შექმნილმა მძიმე შიდა პოლიტიკურმა ვითარებამ იმპერატორი აიძულა მის მიერ მიღებული კანონების უდიდესი ნაწილი გაეუქმებინა. გარდაცვალებამდე სამიოდე კვირით ადრე იმედგაცრუებული იოზეფი წერდა: „ძალიან ვწუხვარ, რომ ესოდენ ცოტა ადამიანის გაბედნიერება შევძელი. მე თანახმა ვარ ყველაფერზე, ოღონდ კი მომეცით საშუალება, მშვიდ გარემოში მოვკვდე!”
1790 წლის 20 თებერვალს საღვთო რომის იმპერიის ყველაზე რეფორმატორი იმპერატორი ისე აღესრულა, რომ შთამომავალი არ დაუტოვებია. მისმა კეთილშობილური მიზნით წამოწყებულმა რეფორმებმა და ოცნებამ, ჩამოეყალიბებინა თანაბარუფლებიანობის პრინციპებზე აგებული სრულყოფილი საზოგადოება – ჩაილულის წყალი დალია. – (ავტორი გენია.ჯი)