მაქსიმილიან რობესპიერისა და მისი მხარდამჭერების სავალალო აღსასრული
საფრანგეთის ისტორიაში იყო პერიოდი, როდესაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – მაქსიმილიან რობესპიერი გაღმერთებული ჰყავდა ხალხს. მის ყოველ სიტყვას ისე იღებდნენ, როგორც „ახალ აღთქმას”. ამ უდიდესი პოლიტიკური გავლენის მქონე პერსონის თითოეული სიტყვით გამოსვლა იბეჭდებოდა და შემდგომ, მთელ ქვეყანაში რიგდებოდა; ყველა სოფელს, ყველა კლუბსა და ყველა სამამასახლისოებს ეგზავნებოდათ ისინი, რათა კედლებზე გაეკრათ. (ავტორი გენია.ჯი) მოკლედ რომ ვთქვათ, რობესპიერი ყველგან იყო… ამბობენ, რომ მას მეტად გაზვიადებული წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზეო. იმასაც ამბობდნენ, მაქსიმილიანი დარწმუნებული გახლდათ იმაში, რომ უმისოდ საფრანგეთს ცხოვრება არ შეეძლოო. მაგრამ, როგორც შემდგომში გაირკვა – შეეძლო და მერე როგორ…
1794 წლის ღამის ორ საათზე კონვენტში რობესპიერის მოწინააღმდეგე ეროვნული გვარდიის გამძვინვარებული ჯარისკაცები შეიჭრნენ. ერთ დროს ძლევამოსილი ფრანგი პოლიტიკოსი და მისი მომხრეები საშინელი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ, რაც მალევე დადასტურდა კიდეც. ჯერ იყო და მაქსიმილიანს სახეში დამბაჩა დაახალეს, რამაც მას ყბის ფრაგმენტი მოაგლიჯა, თუმცა-კი ცოცხალი გადარჩა.
შემდეგ მის მომხრეებზე გაჩაღდა ნამდვილი ნადირობა. შექმნილმა სიტუაციამ ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო მაქსიმილიანის ერთ-ერთი მხურვალე მხარდამჭერი – ფილიპ ფრანსუა ჟოზეფ ლება, რომ მან უმალვე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რობესპიერის მეორე მომხრე – ფრანსუა ანრიო გამხეცებულმა ბრბომ ჯერ ფანჯრიდან გადააგდო, მერე კი ყოველგვარი გასამართლების გარეშე დასაჯა სიკვდილით; ჟორჟ კუტონი, რომელიც ერთ დროს მოსამართლის მანტიით იყო მოსილი, თავდაპირველად განავლით სავსე ორმოში ჩააგდეს. ბოლოს კი ისიც გილიოტინის გზას გაუყენეს; მშვიდად შეხვდა თავის აღსასრულს გილიოტინაზე ლუი ანტუან სენ-ჟიუსტი. მაქსიმილიანის კიდევ ერთი მხარდამჭერი; რობესპიერის ღვიძლმა ძმამ – ოგიუსტენ რობესპიერმა თავის შველა ფანჯრიდან გადახტომით სცადა, თუმცა ამ დროს მან ფეხი მოიტეხა და შედეგად, ისიც გამძვინვარებული სამხედროების ტყვე შეიქნა.
ერთ დროს რესპუბლიკის ბურჯნი და დედაბოძნი, საკაცეზე დასვენებულ ყბამოგლეჯილ რობესპიერთან ერთად ციხეში გადაიყვანეს. გზაში მათ ხალხი გამაყრუებელი ყიჟინით მისდევდა, აგინებდა და ზოგს სილას, ზოგსაც ჭიტლაყებს სცემდა. თუმცა ხალხი არც ამას დასჯერდა და გაუბედურებულ ტუსაღებს ქვები დაუშინეს, ლაფი და ტალახი შეასხეს. ამიტომაც ამბობენ, რობესპიერი და მისი მომხრე იაკობინელები ჯერ სულიერად მოკლეს და შემდეგ ხორციელადო.
გილიოტინის გზაზე დამდგარი საბრალო კუტონი სულ ფეხქვეშ გათელეს. იგი მის დამტყვევებლებს ემუდარებოდა, ნუ მტანჯავთ, მომკალით და გაათავეთო. მაგრამ სიკვდილიც კი შურდათ მისთვის! რობესპიერის ძმა – ოგიუსტი ეშაფოტზე გილიოტინის გვერდით დააყენეს, რათა მას საკუთარი თვალით ეხილა, როგორ იხოცებოდნენ მისი მეგობრები. ბოლოს, როდესაც ყველა დახოცეს და თავად მაქსიმილიანი აიყვანეს გილიოტინაზე, ჯალათმა ოდესღაც გაღმერთებულ რობესპიერს თავზე ჩამოცმული ტომარა ახადა და ისე მოჰკვეთა თავი, რომ საკუთარი თვალით აყურებინა, როგორ მოდიოდა ზემოდან მისკენ „ეროვნულ სამართებლად” წოდებული გილიოტინის ბასრი, მომაკვდინებელი მახვილი. იმ გილიოტინისა, რომლის საშუალებითაც მანამდე რობესპიერს თავად ჰყავდა ასეულობით ადამიანი სიცოცხლეს გამოსალმებული. მოკლედ რომ ვთქვათ, კაცი, რომელსაც გილიოტინით უნდოდა ქვეყნის „დამშვიდება”, თავად „დამშვიდდა” გილიოტინით!
აი, ასე სავალალოდ მოიმკეს თავიანთი ნათესი მაქსიმილიანმა და მისმა მხარდამჭერებმა 1794 წელს! – (ავტორი გენია.ჯი)
მაქსიმილიან რობესპიერი