ჰენრი VIII ტიუდორი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ინგლისისა და ირლანდიის მეფის – ჰენრი VIII ტიუდორის (1491-1547 წლები) ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას – მრავალცოლიანობა წარმოადგენდა. ქვეყნის რიგით მეორე ტიუდორმა მონარქმა, თავის პირველ მეუღლესთან – ეკატერინე არაგონელთან ცოლ-ქმრული ურთიერთობა – ოფიციალური განქორწინებით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) ეკატერინესაგან განსხვავებით, ბევრად სავალალო შედეგით დასრულდა ჰენრის მეორე ცოლთან – ანა ბოლეინთან განქორწინება. მას ბრალი ღალატში დასდეს და თავი გააგდებინეს; მისი რიგით მესამე მეუღლე – ჯეინ სეიმური მშობიარობას გადჰაყვა… შედეგად, მეფემ მეოთხედ დააპირა დაქორწინება, თუმცა ამჯერად მომავალი თანამეცხედრის პოვნა გაცილებით ძნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ევროპელი მონარქები არ ჩქარობდნენ თავიანთი ასულები მიეთხოვებინათ ერთობ დამაბნეველი პირადი ცხოვრების მქონე ინგლისის ოდიოზი და თანაც – პროტესტანტი მეფისათვის. ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჰენრის მთავარ მრჩეველს პროტესტანტულ ევროპულ ქვეყნებში მოეძია მისთვის შესაფერისი პოტენციური საცოლე. რამდენიმეხნიანი ძებნის შემდეგ არჩევანი შეჩერებული იქნა კლევის ჰერცოგის – ჯონ III-ის ქალიშვილზე – ანა კლეველზე. თუმცა აქვე მეფემ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა წამოაყენა: მისი მომავალი მეუღლე ლამაზი გარეგნობის მქონე უნდა ყოფილიყო უცილობლად.
შედეგად, კლეველში სპეციალური მისიით გაგზავნეს სამეფო კარის მხატვარი, გენიალური გერმანელი ფერმწერი – ჰანს ჰოლბაინ უმცროსი. მის მიერ დახატულმა ანა კლეველის პორტრეტმა მონარქზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. მომავალი საცოლე ჰენრის ძალიან მოეწონა და ქორწინებაზე თანხმობაც განაცხადა. თუმცა, როგორც კი ანა ინგლისის დედაქალაქში ჩავიდა, სკანდალმაც უმალვე იჩინა თავი. მეფე ერთობ უკმაყოფილო დარჩა კლეველის გარეგნობით. ჰენრის საცოლე სულაც არ იყო ისეთი მშვენიერი გარეგნობის მქონე, როგორადაც იგი პორტრეტზე იყო გამოსახული. მან თავი მოტყუებულად მიიჩნია და ამიტომაც შეჰყვირა გაშმაგებულმა ანას მისამართით – „იგი მსუქანი ფლამანდრიელი ძროხააო!”
მიუხედავად ამისა, ჰენრისა და ანას ქორწინება მაინც შედგა. თუმცა, ქორწინების პირველივე ღამის შემდეგ მეფემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ცოლ-ქმრული მოვალეობა არ აღუსრულებია. ამის მიზეზად კი მან ერთობ ბანალური გარემოება დაასახელა – ანას სხეულზე ძალიან სპეციფიკური და ცუდი სუნი ასდიოდაო.
საბოლოო ჯამში მათი ქორწინება ანულირებული იქნა. ნიშანდობლივია ისიც, რომ ანა კლეველი განქორწინებას მარტივად დათანხმდა, რადგან კარგად უწყოდა ის, თუ, როგორი ძალადობრივი გზით დაასრულა სიცოცხლე თავისი ქმრის ყოფილმა მეუღლემ – ანა ბოლეინმა. თუმცა, თავის მოკვეთას ვერ გადაურჩა ზემოაღნიშნული ქორწინების ერთ-ერთი ინიციატორი, მეფის მთავარი მრჩეველი… სამაგიეროდ, კუნძზე თავის დადებას გადაურჩა სამეფო კარის მხატვარი – ჰანს ჰოლბაინ უმცროსი. – (ავტორი გენია.ჯი)
ანა კლეველი (ჰანს ჰოლბაინ უმცროსის მიერ დახატული პორტრეტი, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა მეფე)