ძველ რომაელი მსახიობების შესახებ…
ანტიკური ხანის რომში მსახიობებს ისეთივე ვულგარული რეპუტაცია გააჩნდათ, როგორც საროსკიპო სახლების მომსახურე პერსონალს. მათ „უღირსებად” და „უწმინდურებად” მოიხსენიებდნენ და მესაფლავეების, დეზერტირებისა და მეძავების მსგავსად, კოლიზეუმში შესვლა ეკრძალებოდათ. (ავტორი გენია.ჯი) ძველ რომაელი არტისტების ოფიციალური სამოქალაქო უფლებები სერიოზულად იყო შეზღუდული. კერძოდ: მსახიობებს არ შეეძლოთ არც ერთი სახელმწიფო პოსტის დაკავება; მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას, სასამართლოზე საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინათ, რის გამოც იძულებული ხდებოდნენ სპეციალურად დაექირავებინათ იურისტები; არ ჰქონდათ უფლება სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ ვინმეს წინააღმდეგ და ასე შემდეგ.
ძველ რომაელი მსახიობების უდიდეს ნაწილს ქუჩაში უხდებოდა თეატრალური წარმოდგენების გამართვა, რის გამოც ისინი ჯამბაზებს უფრო ჩამოჰგავდნენ, ვიდრე პროფესიონალ მსახიობებს. და მიუხედავად ყოველივე ამისა, „უღირსოების” სტატუსის მატარებელ არტისტებს მაინც ძალიან ბევრის ნებას აძლევდა ძველ რომაული სახელმწიფო და ძველ რომაული საზოგადოება.
ჩვეულებრივი რომაელი მოქალაქისაგან განსხვავებით, მათ უფლება ჰქონდათ თეატრალური წარმოდგენების დროს თვით – ღმერთებისთვისაც კი დაეცინათ. ისინი ძველ რომაული პანთეონის ღმერთებს განსაკუთრებით ხშირად კომედიის წარმოდგენის ჟამს აქილიკებდნენ. ასეთი რამ რომ სხვა პროფესიის მქონე რომის მოქალაქეს ჩაედინა, უცილობლად ღმერთების გმობაში დასდებდნენ ბრალს და სასამართლოს გზას გაუყენებდნენ. გარდა ამისა, მათ ყოველგვარი დასჯის შიშის გარეშე შეეძლოთ დაეცინათ ნებისმიერი რანგის რომაელი პოლიტიკოსისთვისაც, გარდა იმპერატორისა (ასეთი სახის კანონი მიღებული იქნა იმპერატორ ტიბერიუსის მიერ ჩვ. წ.აღ-ით I საუკუნეში).
ერთადერთი ტაბუ, რომელიც ძველ რომაელ მსახიობებზე ვრცელდებოდა, გახლდათ ის, რომ მათ უფლება არ ჰქონდათ დაეცინათ და გაეპამპულებინათ – მთელი ერი – რომაელი ხალხი და რომის სენატი. სენატო, როგორც რომაელი ხალხის ნების ამღსრულებელი ორგანო (გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსახიობებს მთელი სენატისაგან განსხვავებით, ნება ჰქონდათ დართული, სენატის ნებისმიერი წევრი ექციათ დაცინვის ობიექტად). სხვა მხრივ, ძველ რომაელი მსახიობების ფანტაზია არანაირად არ იყო შეზღუდული და არც არანაირ ცენზურას არ ექვემდებარებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)