იუნლე – „ეპიზოდი”
ჩინეთის ძლევამოსილი იმპერატორის მინის დინასტიიდან – იუნლეს (1360-1424 წლები) ცხოვრებისეულ დევიზს წარმოადგენდა – „მარადიული ბედნიერება”. ამიტომაც ესწრაფვოდა თავის ღვთაებრივ წარმომავლობაში ღრმად დარწმუნებული მბრძანებელი, მთელი ძალ-ღონე და შესაძლებლობები გაეღო, რათა წუთისოფელი სრულყოფილად ბედნიერს განელია. (ავტორი გენია.ჯი) „აკრძალული ქალაქის” (საიმპერატორო სასახლის) მშენებლობა პეკინის ცენტრში, სწორედ რომ მის ბედნიერებას ემსახურებოდა წილად. იუნლეს მიერ აგებულ გრანდიოზულ საიმპერატორო სასახლეს 5-ჯერ მეტი ტერიტორია ეკავა, ვიდრე ბუკინგემის სახელოვან სასახლეს ლონდონში. „აკრძალულ ქალაქში” 10 000 ერთობ მდიდრულად მოწყობილი ოთახისაგან შემდგარი 1 000 შენობა-ნაგებობა იქნა განთავსებული. სასახლის კომპლექსში უზარმაზარი ფართი ეკავა იმპერატორის ჰარემს, სადაც რჩეული გარეგნობის მქონე მბრძანებლის ასეულობით ხარჭას ედო ბინა.
იუნლეს ბიოგრაფები აღნიშნავდნენ, რომ მას თურმე განსაკუთრებით იზიდავდა მეზობელი ქვეყნის, კორეელი მანდილოსნები. ამიტომაც იყო ეგზომ მრავალრიცხოვნად დაბინავებული ჰარემი უმშვენიერესი კორეელი გოგონებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს „მარადიული ბედნიერების” მოსურნე იუნლესათვის ცოტა აღმოჩნდა. მან ბრძანა, თავისი ჰარემი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიიდან – კორეიდან შემოყვანილი 1 000 ულამაზესი ქალით შეევსოთ.
კორეის მეფე ძლევამოსილ ჩინელ იმპერატორთან პოლიტიკური ურთიერთობის გაფუჭებას მოერიდა, რის გამოც დაუყონებლივ გასცა ბრძანება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეერჩიათ მის ქვეშევრდომებს იუნლეს ჰარემისათვის შესაფერისი უმშვენიერესი მანდილოსნები.
შესარჩევი კონკურსი, რომელიც კორეის დედაქალაქში გაიმართა, კონკურსანტებისაგან არა მხოლოდ იდეალური პროპორციების მქონე ფიზიკურ მონაცემებს მოითხოვდა, არამედ ისინი ნიჭითა და სასიამოვნო ხმის ტემბრითაც უნდა ყოფილიყვნენ დაჯილდოვებულნი.
კორეის იმპერატორის ბრძანების გამოცემისთანავე, ქვეყნის მასშტაბით მასობრივად დაიწყო იუნლესათვის გასაგზავნი გოგონების შერჩევა. შედეგად, მშობლები, რომელთაც განსაკუთრებით ლამაზი გარეგნობის ქალიშვილები ჰყავდათ, იძულებული ხდებოდნენ, თავიანთი ასულებისათვის სახეებზე იარები დაედოთ და ამ უჩვეულო გზით, ისინი დაემახინჯებინათ (გარდა ამისა, ამავე მოტივით ისინი თავიანთ ქალიშვილებს სრულიად კრეჭდნენ თმასაც). რამდენიმე ხანში, ასეთი ქმედების ჩადენა კანონით აიკრძალა, რამაც მშობლებსა და გოგონებს ყოველგვარი საშუალება მოუსპო არჩევანის გაკეთებისა.
საბოლოო ჯამში, კორეის მეფემ თავის ძლევამოსილ მეზობელს – 1 000 უმშვენიერესი ქალიშვილი გაუგზავნა ძღვნად, რითაც თავისი „მოკრძალებული” წვლილი დაიდო იუნლესათვის „მარადიული ბედნიერების” მინიჭებაში. – (ავტორი გენია.ჯი)