მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
„ის უსაშინელესი ადამიანია, უმჯობესია საქმე ეშმაკთან დაიკავო, ვიდრე მასთანო”. – ასე ლაკონურად, თუმცა კი ერთობ მრავლისმეტყველად დაახასიათა მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564 წლები) თავის დროზე რომის პაპმა – ლეო მეათემ. და მართლაც, იტალიური აღორძინების ხანის გენიალური ტრიუმვირატიდან (ლეონარდო და ვინჩი, რაფაელი და ბუონაროტი) მიქელანჯელოს ყველაზე ექსცენტრიული ხელოვანის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. (ავტორი გენია.ჯი) თუკი რაფაელ სანტის ხალხი „გენიოსთა შორის უკეთილშობილესად” მოიხსენიებდა, იგივე ხალხი ბუონაროტის მისი უხიაგი ხასიათის გამო – „საშინელ ადამიანს” უწოდებდა.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მიქელანჯელო თავის უკვდავ ქმნილებებს ცოცხალ არსებებად მიიჩნევდა. იგი მათ ხშირად ეჩხუბებოდა, შემდეგ – ურიგდებოდა; უყვიროდა და შემდეგში შერიგებულთ – სიყვარულში უტყდებოდა. თუმცა, მიქელანჯელოს კონფლიქტური სიტუაციები გააჩნდა არა მხოლოდ „მათთან”, არამედ თვით რომის პაპთანაც კი. იგი შეურაცხყოფდა მენატურეებსა და თავის კოლეგებს; გენიალურ რაფაელს ბუონაროტი იდეების მოპარვაში სდებდა ბრალს, რის გამოც განსაკუთრებით სძულდა სანტი; საშინლად არ უყვარდა სტუმრიანობა და კატეგორიულ უარს აცხადებდა საჩუქრების მიღებაზე, რადგან არ სურდა ვინმესგან რაღაცით ყოფილიყო „დავავალებული”. – (ავტორი გენია.ჯი)