სერგი ჭილაია – „გახსოვდეთ – შვილებო!”

„თხუთმეტი საუკუნეა მას აქეთ, რაც ქართველ კაცს ცალ ხელში ხმალი უჭირავს და მეორეში – ჯვარი ქრისტესი. ჩვენი ქვეყნის დიდება ამ ჯვარსა და ხმალს დაუცავს, საქართველოსთვის ზვარაკად შეუწირავთ თავი დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, სამას არაგველს, ცოტნე დადიანსა თუ ერეკლე მეფეს. რომელი ერთი ჩამოვთვალო.

ვის არ უნდოდა ჩვენი დაქცევა: ფინიკია და არაბეთი, სპარსეთი და თურქეთი, ვინ არ გვებრძოდა! აგვაოხრეს და აგვაწიოკეს, მაგრამ ვერ მოგვსპეს. ძველი ფინიკიელები და ზოგნი სხვანიც აღიგავენ მიწისაგან პირისა. ჩვენ კი კვლავ ფეხზე ვდგავართ. ჩინგიზ-ხანს და შაჰ-აბაზს, აღა-მაჰმად-ხანს და თემურ-ლენგს ყელზე დაადგათ ჩვენი ქვეყანა, მოისპნენ ჩვენი მომსპობნი, ჩვენ ისე ვცოცხლობთ, ისევ მუხასავით დგას ჩვენი სამშობლო. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყანა დიდია, დიდი სულიერი კულტურით. აბა, შეაღეთ სიონის, სვეტიცხოვლის, გელათის, ყინწვისის, ხობის და მარტვილის მონასტრების კარი, ნახეთ მათი ფრესკები, მოიგონეთ მათი ოსტატები, არ დაივიწოთ ჩვენი ვარძია, ადამიანის გონებით შექმნილი ეს საოცრება, მოიგონეთ კოლხეთის, იყალთოს, გელათის აკადემიები, ნახეთ ჩვენი ხელნაწერები, მეხუთე საუკუნიდან დღემდე მოყოლებული არა მარტო საქართველოში, არამედ პეტრიწონსა და ათონში, ჯვარის მონასტერსა და სინაში, გაიხსენეთ მთაწმინდელები, ჩახრუხაძე, შავთელი, თეიმურაზ პირველი, სულხან-საბა ორბელიანი, გურამიშვილი, ბესიკი და მაშინ იკითხეთ, ვინა ვართ, ვისი შვილები ვართ, ვინ არიან ჩვენი წინაპრები. ერს, რომელსაც რუსთაველი წარმოუშვია, პატარა არ ეთქმის. რუსთაველის შვილებსა და შვილიშვილებს უნდა ახსოვდეთ, რომ ჩვენი მამა, ჩვენი წინაპარი რუსთაველი იყო. მოიგონეთ ყოველივე ეს და თქვენ წინ გაიხსნება საოცრების კარი. ჩვენ ამ ძველ კაცთა ნაამაგარის ვალი გვმართებს. მე იმ ძველ საქართველოს ანასხლეტი ვარ და ხატად ის გამიხდია. ახლა ჯერი თქვენზეა, შვილებო, ბურთი და მოედანი ქართველი ერისა თქვენზეა მინდობილი. ერთი ანდერძიც მითქვამს თქვენთვის:

- გაიხსენეთ საქართველოს მეთაური და წინამძღოლი, ერთიანი საქართველოს დედა – თბილისი. თბილისზეა აღმართული ქართული დროშა, რომელიც მუდამ უნათებდა ქართველ კაცს სავალ გზას. ამიტომ ყოველ დუშმანსა და მტერს მუდამ თბილისი ჰქონდა მიზანში ამოღებული. ჩვენმა ძველებმა იცოდნენ, რომ სანამ თბილისი ფეხზე დგას და საქართველოს ეროვნული კულტურის მედროშეა, მანამდე უძლეველია საქართველო. ეს იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და ამიტომ იყო, რომ თბილისისთვის თავს სდებდა საქართველოს ყოველი კუთხე. გახსოვდეთ ეს და არ დაივიწყოთ პატივისცემა ჩვენი დედა-თბილისისადმი. ვისაც მამული უყვარს, ვისაც მამულის სიკეთე სურს, დაუცხრომლად უნდა ცდილობდეს იმის გაბედნიერებასაც. კაცი თავისთვის არ არის დაბადებული. ღმერთმა კაცი მამულის ბედნიერებისათვის დაბადა.

ორი ათას წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყანა გაუმაძღარ, ხარბ და ურიცხვ მტერს ებრძოდა, რაც ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია. არც არასოდეს დაჟანგდება ქართველთა ხმალი! რა ტანჯვაც არ უნდა მოგვაყენონ, ჩვენ მონები არ გავხდებით! ჩვენ დიდებული ერი ვიყავით, ვართ და ვიქნებით, ერი მოყვარული თავისუფლებისა და მამულისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>