ოტია იოსელიანის გენიალური ნააზრევი…
„კაცი რომ თავიდანვე „ჩემო დაიათი” დაგიწყებს მუსაიფს და „ძამიობას” შემოგთავაზებს, იმისგან, თუ მთლად ორპირი და მუხანათი არაა, იმნაირს არაფერს ელოდე. არც იმისგან იქნება „ხეირი”, მანქანაში რომ ჩაჯდები და საჭეს ჩაციებული ერთხელაც არ შემოგხედავს. მარტო იმას თუ ამოიღრენს – „საით”… იმისთანას ერთი მანეთი მთელ საქალეთს ურჩევნია ან ცოლისგან აქვს გამშრალი სისხლი. არიან ისეთებიც, შემოგხედავენ, შემოგციცინებენ, მაგრამ როგორც კი გზას დაადგებიან, დაავიწყდები და „შემიჩერეო” რომ იტყვი, მაშინ მოაგონდები. ისევ გაუნათდებათ თვალები და თვალს რომ მიეფარები, ტუჩებს თუ გაილოკავენ, თორემ შენთან არც ეს გაახსენდებათ.
კაცია ისეთიც, ქალი რომ მოეწონება, სამოთხეში გადასახლდება, მაგრამ სამოთხეში თუ „ისეთი” რაიმე ხდება, არ წარმოუდგენია, თუ საიმისოდ სამოთხე-ედემი არც ემეტება. თვალით ჭამს, თვალით სვამს და ქალს, როგორც მშვენიერებას, ისე აღიქვამს. ასე ხელწამოსაკრავად და გასაქელად მშვენიერება რომ გაიმეტონ, თავს ვერ გაიმეტებენ, რაკი არაფრად აღარ ეღირება მათთვის ეს ქვეყანა, სადაც ამაღლებული და მიუწვდომელი არ იარსებებს. არიან… შენგან რომ კერპს ჰქმნიან და ხატად სჭირდები. იმისთანასთან რომ გაცნობისთანავე, უკაცრაული პასუხია, კაბა წამოიხადო, შეიძლება ფეხად ვერ გაასწრო.
რა თქმა უნდა, ჭრელია ქვეყანა, მაგრამ ადამიანი, ბოლოს და ბოლოს, მაინც თავკერძაა…
კაცს რომ ეგოიზმი წაართვა, ხელში ჩენჩო, ფიტული შეგრჩება. თავკერძობაა, ამ „მანქანას” რომ ამოძრავებს და, რასაც აკეთებს ეგოიზმი აკეთებინებს. მაგრამ გააჩნია: იმასაც კი, ვისაც შენ ხატად მიაჩნიხარ და ხელყოფას გეკრძალვის, ისიც თავისთვის იღწვის, თავის კერპს ესავს, თავის რწმენას უვლის, მშვეინერებას ვერ ბილწავს, თავის სიმდიდრეს უფრთხილდება. შენთვის ამას არც ის აკეთებს, თავისთვის უნდიხარ ასე ამაღლებული, რაკი დამდაბლებულით ვერ იარსებებს, შენ უნდა სწამდე, რომ არ დაეცეს და გაღორდეს: რომ შეიძლებოდეს შენ წაგბილწოს და თვითონ ამაღლდეს, არ დაგზოგავს, მაგრამ იცის: ცდუნება, გარყვნილება, გათახსირება თანაბრად მისიცაა. იცის, ხატს რომ შეაფურთხებს იმაზე ვეღარ ილოცებს, კერპს თუ უროს დაჰკრავს – დაამსხვრევს. ჭკუა ეკითხება და გიფრთხილდება, ხატი მაშინაა ხატი, თუ მლოცველი ჰყავს, თორემ ურწმუნოთათვის ნაფოტია. არ უნდა კერპი ნაფოტად გაქციოს… იმედი სჭირდება, საყრდენი, საფუძველი. ყველა წყალში რომ ჩააფურთხებს, სული წყურვილით ამოხდება. არ იპარავს იმიტომ, რომ ეგოისტია და თავს ქურდისა და ავაზაკის სახელდებულოდ ვერ იმეტებს. იმდენად თავკერძაა, გულშიც არ უნდა გაივლოს ისეთი რამ, რაც მის – სხვაზე უკეთესობას ჩრდილს მიაყენებს.
უმრავლესობა მაინც მოჩვენებითი თავკერძაა: არ დაანახვოს სხვას თავისი სიგლახე, მაგრამ სადაც იმის იმედი აქვს – ვერავინ გაუგებს, ყოველგვარ სისაძაგლეს ჩაიდენს და ჰგონია, თუ სხვა არ ხედავს, ამით რაიმე იმალება. ამ რეგვენს მთავარი ავიწყდება – თვითონ ხომ ხედავს თავის თავს? თუ ხედავს და კაცია, მეტი მოწმე რაღად უნდა. ან ვინმე გამვლელმა კიდეც რომ დაინახოს, რა მოხდა, ჩამვლელი ჩაივლის. თავად ხომ ვერ ჩაუვლის თავისთავს და თუნდაც ერთი წამით ვერ დაშორდება. ყოვლისმხილველ, მუდმივ მოწმეს არ უფრთხის და სხვა ვიღაც ვიგინდარას უამალავს?! გადამთიელს უფიცავს, ჰგონია. „თავის მოწმე” სხვაზე ნაკლებ აგებინებს პასუხს, არ წამოაკრავს და ან არ დაასმენს?
ამიტომაცაა ქვეყნად ამდენი სალახანა, თორემ მათ რომ არ გაეცათ თავი და ჩვენ ამის თაობაზე არაფერი ვიცოდეთ, ქვეყანა სამოთხედ მოგვეჩვენებოდა. თუ გეჩვენება და გჯერა, იგი არსებობს კიდეც…
ადამიანი თავკერძად იბადება და ესაა მისი მამოძრავებელი ძალა. ჯერ კიდევ თოთოს, რაც ხელში მოჰყვება, იჭმება თუ არა, პირისკენ მიაქვს. ცეცხლს ეპოტინება, ხელებს იწვავს, მაგრამ მოსწონს და თავისთვის უნდა. ასეთივე რჩება მთელი ცხოვრება, ვითომ ცეცხლსა და წყალს გაარჩევს, ვითომ – თეთრსა და შავს, გაცნობიერდება, მაგრამ მერეც არაფერი იცვლება. მშვენიერი შველი და ირემი მწვადად უნდა და ხოხობი ჩახოხბილად. ბატკანს, თიკანს, ხბოსა და წიწილას წვავს და ჭამს. იცის, ბალახი უფრო მარგებელია, მით უმეტეს, ცხვრისა და ღორის ხორცზე, მაგრამ კრავსა და გოჭს ვერაფრით გულგრილად ვერ უყურებს, რაკი მართლაც მშვენიერია, ვარდს დანახვისთანავე მოსაწყვეტად წაეტანება. ია-იას, ზაფრანასა და ალუბლის ტოტს წყვეტს, ამტვრევს, გლეჯს. ალუბლისა და აყვავებული ვაშლის ტოტის დამსხვრევას, ხომ სჯობია აცალოს დამწიფდეს და მუცელი ამოიყოროს. არა, ახლა, ამწუთას… მერე შეიძლება მწიფე ვაშლი და ალუბალი სხვამ შეჭამოს და ბარემ ყვავილობისას მიიტაცებს. ჭკნება ყვავილი, ხმება და არაფერში არგია, მაგრამ, როგორც თოთოობაში, ვერ აცნობიერებს, მშვენიერია და ასე შორიდან საყურებლად ან სხვისთვის კი არა, თავისთვის უნდა… უნდა… უნდა…
ქალიც ასე მოსწონს და უნდა… უყურე, კაცო, რა ჯობია ლამაზი ქალის ყურებას! არა, უნდა… თავისია თუ არა, თავისთვის უნდა. უნდა ხელით შეეხოს, ტუჩით იგემოს, უნდა ჟღვლიმოს, ჯიჯგნოს, გაწეწოს, გამოსწოვოს სისხლი, მოიქციოს ქვეშ, გათელოს, გაქელოს, დაამდაბლოს…” – (ავტორი გენია.ჯი)