რენე-პელაგია დე სადის შესახებ…
აგერ უკვე 200 წელიწადზე მეტია, რაც საყოველთაოდ ცნობილი ლიბერტინაჟის მიმდევარი ფრანგი მწერლის – დონატიე ალფონს ფრანსუა დე სადის სახელი, გარყვნილების სინონიმად არის ქცეული. თუმცა ამ გარემოებას სულაც არ შეუშლია ხელი ძალიან მდიდარი ოჯახიდან გამომავალი უმშვენიერესი ფრანგი გოგონასათვის - რენე-პელაგია კორდიე დე მონტრეისათვის, მთელი 27 წლის მანძილზე ყოფილიყო ერთგული ცოლი „აბსოლუტური და უსაზღვრო თავისუფლების” იდეის მოტრფიალე ათეისტის – მარკიზ დე სადად წოდებული კაცისა. (ავტორი გენია.ჯი) 20 წლის ასაკში მყოფი წყნარი და ერთობ მოკრძალებული ბუნების მქონე გოგონა დე სადზე 1763 წელს დაქორწინდა. თავდაპირველად, აღვირახსნილი ცხოვრების „მეტრი” მაქსიმალურად ცდილობდა, რომ თავის ლამაზ მეუღლეს მისი ამაზრზენი ცხოვრების წესის შესახებ არაფერი შეეტყო. თავის „ცუდ მიდრეკილებებს” მარკიზ დე სადი პელაგიას მთელი 6 წლის განმავლობაში უმალავდა. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ცხადი გახდა ქალისთვის. მან პირველად ეს გამაოგნებელი ფაქტი პირველი შვილის დაბადებისას შეიტყო. მაშინ როდესაც მისი საყვარელი მეუღლე – გარყვნილების ბრალდებით აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ, იმის ნაცვლად, პელაგიას ამორალური ქმედებების მატარებელი ქმრის მიმართ სიძულვილი გასჩენოდა, პირიქით, მის მიმართ ცოლი კიდევ უფრო დიდი სიყვარულითა და ერთგულებით აღივსო. დროთა განმავლობაში, განვლილმა ცხოვრებამ ერთ დროს მშვიდი და მოკრძალებული პელაგია იმ გამძვინვარებულ ვეფხვად აქცია, რომელიც თავისი შვილების დაცვისათვის მზად არის ყელი გამოღადროს ნებისმიერ სულიერს. იგი თავგამოდებით იცავდა დე სადს და ბრალს იქით სდებდა „მორალისტებს”.
მეორე შვილის დაბადების შემდგომ, ცოლ-ქმრის წყვილმა მათი მოძულე პარიზი დატოვა. იქ ხომ მათ ვერავინ „ვერ გაუგო”?! პროვანსში, საკუთარ სასახლეში გადასულმა დე სადმა სულ „აუშვა აფრები”. იქ მან სასიყვარულო რომანი გააბა თავისი მეუღლის უმცროს დასთან (ესე იგი – ცოლისდასთან), ვინაც ის იყო მოლაზონად აპირებდა აღკვეცას. როსკიპ ქალებთან მასობრივმა ურთიერთობამ მარკიზს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. აგორებულმა სკანდალმა, რომელიც დაკავშირებული გახლდათ დე სადის ამორალურ სქესობრივ ცხოვრებასთან, იგი აიძულა პროვანსიდან გაქცეულიყო. თუმცა გაქცეული მალევე დააკავეს და ისეც ციხის საკანში გამოკეტეს.
და სწორედ აქ დაამტკიცა პელაგიამ თავისი ქმრისადმი უსაზღვრო ერთგულება: მამაკაცის სამოსით მოსილმა ქალმა ორგანიზება გაუწია ქმრის ციხიდან გაქცევას. სამაგიეროდ, ქმრისაგან მან ძალიან უმადური სამადლობელი პასუხი მიიღო: მარკიზმა ისევ განაგრძო თავისი ინტიმური ურთიერთობა პელაგიას უმცროს დასთან. როგორც აღმოჩნდა, ქმრისადმი სიყვარული უფრო ძლიერი გრძნობა აღმოჩნდა უკიდურესად შეურაცხყოფილი ცოლისათვის და მათ კვლავაც ერთად განაგრძეს ცხოვრება.
მარკიზ დე სადი კი კვლავაც ძველებურად აგრძელებდა „მოღვაწეობას”. მან მსახურებად აიყვანა ერთი ახალგაზრდა ბიჭუნა და რამდენიმე მოზარდი გოგონა. ის, თუ რისთვის აიყვანა თავის მსახურებად ისინი გარყვნილმა ქმარმა, უეჭველი იცოდა პელაგიამ. მან ისიც კარგად იცოდა, რომ ყოველ დღე გულისამრევი ორგიები ეწყობოდა მის სახლში. თავად პელაგია, მარკიზის მიერ მოწყობილ ორგიებში მონაწილეობას არასოდეს იღებდა.
რამდენიმე ხანში ყოველივე ეს გახმაურდა, რის გამოც დე სადს სასამართლომ განაჩენად – სამუდამო პატიმრობა გამოუტანა. მანამდე კი, დე სადმა პელაგიას დედაზეც მოასწრო „ხელის დადება”. გასაოცარია, თუმცა მარკიზის ცოლმა ამ გაუგონარ მოვლენაში ბრალი საკუთარ დედას დასდო და არა საკუთარ ქმარს. ხელისუფლებამ სადების ცოლ-ქმრის წყვილს მთელი ოთხი წლის განმავლობაში არ მისცა ერთმანეთთან შეხვედრის საშუალება. შედეგად წყვილი იძულებული იყო ერთმანეთთან ურთიერთობა წერილების საშუალებით გაეგრძელებინა. ციხის მკაცრმა ცხოვრებამ დე სადი დაავანდყოფა. ამას თან დაერთო ეჭვიანობაც ცოლის მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) მან პელაგიას სრულიად უმიზეზოდ დასდო ბრალი თავისი მოსამსახურე ყმაწვილკაცის საყვარლობაში. ამ გარემოებამ პელაგიაზე იმდენად დიდი გავლენა იქონია, რომ მან ქმრის განთავისუფლებამდე მონასტერში ცხოვრება გადაწყვიტა. რათა შემდგომ კვლავაც ერთად განეგრძოთ ცხოვრება.
მარკიზ დე სადი ციხიდან 50 წლის ასაკში გამოვიდა. გამხდარი და გამელოტებული კაცი, რომელსაც გადაადგილებაც კი უჭირდა თავისი ფეხით, იმ მონასტერს ესტუმრა, რომელშიაც მის უერთგულეს მეუღლეს ჰქონდა ბინა დადებული. დე სადის გასაკვირად, პელაგიამ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც აღმოჩნდა, ქალის მოთმინებასაც ჰქონია საზღავრი. 27 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ პელაგია და დე სადი ოფიციალურად განქორწინდნენ. ასე დრამატულად იქნა დასრულებული მათი „შეშლილი ქორწინების” ისტორია.
თავისი ცხოვრების უკანასკნელი 13 წელიწადი მარკიზ დე სადმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა, სადაც იგი თვით ნაპოლეონ ბონაპარტის ბრძანებით გამოკეტეს. 74 წლის ასაკში კი მან ასთმური შეტევის შედეგად იქვე განუტევა სული. – (ავტორი გენია.ჯი)
მარკიზ დე სადი და რენე-პელაგია