ეკატერინე ჰორნ – „დღეს, გამთენიას…”
დღეს, გამთენიას, პირჯვარს იწერდა,
მერის აჩრდილთან გალაკტიონი,
ძველ ნაკვალევზე, ოქროს ქიმერა,
აჩრდილებივით დაძრწის სიონში…
და ძველ კედლებში, ჯვრისწერის მიღმა,
ისევ და ისევ ისმის გალობა,
თეთრი ქორწილის და ისევ წვიმდა,
როცა პოეტი მერის ამკობდა.
ეპოქის ლექსად… უკვდავი ტრფობით,
ვნებადამცხრალი!… და პატარძალიც,
იისფერ მტრედებს აფრქვევდა ლოცვით,
ქულა ღრუბლებად დამდნარ კაბაში…
როცა სითეთრე ბორკილებს იწყვეტს,
სხვისი თვალების დასამალავში…
სადაც ის უცხო ჯვრისწერას ითმენს,
ფატის მოლურჯო გარდასახვაში…
ნაწყვეტი ლექსის უმოწყალობით,
პოეტი ზარებს დააგლეჯს მუხლებს,
დაუნდობელი უყოყმანობით,
როცა ქორწილი დასრულდა უკვე…
დღეს, გამთენიას, მერის ჯვრისწერა,
ჰორიზონტებში მეწამულდება,
და მის სილუეტს თაყვანისცემად,
გალაკტიონი ესალბუნება…
თითების მოხრით… იმ ლექსის ბოდვით…
პოეტის სევდა რომ გაფითრდება,
სხეულში ბორგვით და ისევ მოცდით,
იქნებ ჯვრისწერა გადაიდება…