ფრა ბეატო ანჯელიკო – „ეპიზოდი”
ადრეული აღორძინების ეპოქაში მოღვაწე დიდი იტალიელი მხატვარი – გვიდო დი პიეტრო (1400-1455 წლები), იგივე – ფრა ბეატო ანჯელიკო, უკიდურესი თავმდაბლობითა და ღრმა ქრისტიანული რწმენით გამორჩეული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამბობენ, კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი „ნეტარი ანჯელიკო”, ვინაც დომინიკელთა ორდენის წევრი ბერი გახლდათ, თავის სიცოცხლეში მხოლოდ ორ რამეს ემსახურა – ღმერთსა და სილამაზესო. ამ კეთილმა, მოკრძალებულმა და თავმდაბალმა სასულიერო პირმა, ვისმა ფუნჯმაც მოხატა სან-მარკოს დომინიკელთა უმშვენიერესი მონასტრის კედლები, რომის პაპს – ევგენი მეოთხეს თავაზიანი უარი განუცხადა ისეთი მაღალი სასულიერო იერარქის პოსტის დაკავებაზე, როგორც გახლდათ – ფლორენციის არქიეპისკოპოსობა (აღნიშნული პოსტი მან დიდსულოვნად დაუთმო თავის ერთ-ერთ პროტეჟეს).
საყურადღებოა ის გარემოება, რომ ღრმად მორწმუნე ანჯელიკო, უფლისადმი განუზომელი თაყვანისცემის ნიშნად, ფრესკებსა და ხატებს ყოველ ჯერზე – მუხლებზე მდგომი (დაჩოქილი) წერდა. თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად, იგი იმდენად განიცდიდა თურმე ქრისტეს ჯვარცმის პროცესს, რომ ასეთი სახის სიუჟეტზე მუშაობის დროს მხატვარ-ბერს თვალები ყოველთვის ცრემლებით ჰქონდა სავსე და გულამოსკვნილად ტიროდა. – (ავტორი გენია.ჯი)