Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„იმ ძალებს შორის, რომელიც მთელ სამყაროში დაჰქრის და თამაშობს, გამოუცდელი ადამიანი, – ქარბუქში მოყოლილი ჩალაა. ჩვენი ცივილიზაცია თავისი განვითარების მხოლოდ შუა საფეხურზეა. ჩვენ არც ცხოველები ვართ, რადგან აღარ გვამოძრავებს მხოლოდ ინსტიქტები; არც ადამიანები, რადგან მხოლოდ გონებით არა ვმოქმედებთ. ვეფხვს არა აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ცხოვრებას მისთვის ძალა მიუცია, ამ ძალას ემორჩილება და თავისდაშეუცნობლად ეს ძალა მას იცავს. ადამიანი კი დიდი ხანია გამოვიდა ჯუნგლების სოროებიდან. დიდი ხანია ნებისყოფის თავისუფლება გაუჩნდა და ამის გამო ინსტიქტებიც მოუდუნდა. მაგრამ საკუთარი ნება-სურვილი არც ისე კარგად განუვითარდა, რომ შეცვალოს თავისი ინსტიქტები და სწორი ხელმძღვანელობა გაუწიოს. ადამიანმა იმდენი გონება მოიკრიფა, რომ ყოველთვის მიჰყვება ინსტიქტებისა და სურვილების ძახილს, მაგრამ ჯერ კიდევ სუსტია იმისთვის, რომ ყოველთვის შეძლოს მათი დაძლევა. სანამ ადამიანი მხეცი იყო, ბუნების ძალებს დაჰყავდა, როცა კაცად გადაიქცა, ჯერ სავსებით ვერ უსწავლია, როგორ უნდა წარმართოს ბუნების ძალები თავის ნებაზე. ამ თავის გარდამავალ საფეხურში მერყეობს – ვერც ჰარმონიულად შერწყმია და ჯერჯერობით ვერც თავის საკუთარ ნება-სურვილებთან გამოუნახავს გონივრული ჰარმონია. ის კვლავ ქარის მიერ წაღებული ჩალაა, რომელსაც ვნებათა ყოველგვარი ღელვა იტაცებს – ხან საკუთარ სურვილს გაჰყვება, ხან თავის ინსტიქტებს. ერთ რამეში შეცდება იმიტომ, რომ მეორით გამოასწოროს; ერთის მიზეზით დაეცემა იმიტომ, რომ მეორემ ააყენოს; იგი უანგარიშო ცვალებადობის შემცვლელი არსებაა. ჩვენ ისღა გვამშვიდებს, რომ ვიცით ევოლუცია უწყვეტია და იდეალი ისეთი ლამპარია, რომელიც არასოდეს ჩაქრება. კაცს არ შეუძლია ყოველთვის ავსა და კარგს შორის მერყეობა. როდესაც ეს აურზაური თავისუფალ ნება-სურვილსა და ინსტიქტს შორის შეწყდება, როდესაც სრულყოფილი შეგნება იმდენ შესაძლებლობას მისცემს ამ პირველ ძალას, რომ სრულიად შეცვალოს მეორე ძალა, მაშინ ადამიანი მერყეობას შეწყვეტს, მაშინ გონების ისარი მტკიცედ და ურყევად იქნება მიმართული ჭეშმარიტების შორეული პოლუსისაკენ”.