მარია ლეტიცია რამოლინო (ნაპოლეონის პრაგმატულად მოაზროვნე დედა)
მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის – ნაპოლეონ ბონაპარტის დედა – მარია ლეტიცია რამოლინო, სულ რაღაც ცამეტიოდე წლის ასაკში დაქორწინდა 17 წლის კორსიკელ დიდებულზე, პროფესიით იურისტზე – კარლო ბუონაპარტეზე. (ავტორი გენია.ჯი) გენუის რესპუბლიკის არმიის კაპიტნის – ჟან ჟერომ რამოლინოს ქალიშვილს კარლოსთან თანაცხოვრებაში 13 შვილი შეეძინა, რომელთაგან ზრდასრულ ასაკამდე ხუთმა ვაჟიშვილმა და სამმა ქალიშვილმა მიაღწია. მათგან ყველაზე დიდი სახელი რაღა თქმა უნდა, ნაპოლეონმა დაიგდო.
მას შემდეგ, რაც ბონაპარტი საფრანგეთის იმპერატორად ეკურთხა, მშობლის მადლიერმა ნაპოლეონმა დედას „იმპერატორის ქალბატონი დედის” ტიტულთან ერთად უზარმაზარი ქონებაც უბოძა. მარია ერთობ უცნაური და თავისებური ხასიათის მქონე ქალი იყო, თუმცა ამასთან ერთად, პრაგმატული ხედვითაც გამოირჩეოდა. მიუხედავად უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებისა, იგი მაინც განსაკუთრებული სიძუნწით გამოირჩეოდა. ის კი არა და, მარია ლეტიცია საერთოდ არ დასწრებია თავისი ვაჟის კორონაციას, კორონაციის შემდეგ კი კატეგორიული უარი განაცხადა ტრიანონის სამეფო სასახლეში გადაბარგებულიყო საცხოვრებლად. ისიც ცხადია, რომ მას საერთოდ არ აინტერესებდა სასახლის კარზე მიმდინარე მოვლენები და თავს განმარტოებულად უფრო კომფორტულად გრძნობდა.
ყოვლისშემძლე იმპერატორის დედის არაჩვეულებრივი სიძუნწე შეუმჩნეველი არ დარჩენია ნაპოლეონს. ერთხელ ცნობისმოყვარე ბონაპარტი დაინტერესდა, რისთვის უფრთხილდებოდა და რისთვის აგროვებდა მარია ფულს, რაზეც მისგან ერთობ მახვილგონივრული პასუხი მოისმინა. მარიამ თავის ვაჟს განუცხადა, რომ იგი იძულებული იყო მომზადებულიყო იმ ავადსახსენებელი დღისათვის, როდესაც მას მოუხდებოდა პირადი სახსრებით ერჩინა ევროპის რამდენიმე ყოფილი მეფე და ყოფილი დედოფალი. ქალს ამ დროს მხედველობაში ჰყავდა ესპანეთის მეფე – ჟოზეფ ბონაპარტი; ტოსკანის ჰერცოგი – ელიზა; კანინოსა და მუზიანოს თავადი – ლუსიენი; ნიდერლანდების მეფე – ლუი; ვესტფალიის მეფე – ჟერომი; გვასტალის ჰერცოგინია – პოლინა; კლევსკის ჰერცოგინია – კაროლინა და თავად – ნაპოლეონ ბონაპარტი.
ეს ასეც მოხდა… მარიას წინასწარმეტყველება ახდა… ნაპოლეონის საბოლოო და გამანადგურებელმა მარცხმა სხვადასხვა ქვეყნების მართვის სადავეებს ყველა მისი ახლო ნათესავი ჩამოაცილა. თავად მარია იძულებული გახდა, თავისი ვაჟიშვილის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ რომში გაქცეულიყო ძმასთან ერთად. მან ცხოვრების უკანასკნელი წლები იქვე გალია. სიბერის ჟამს ქალმა მხედველობა თითქმის სრულიად დაკარგა. „იმპერატორის ქალბატონი დედა” 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავდაპირველად მარია ლეტიცია რამოლინო იტალიაში იქნა დაკრძალული. მოგვიანებით, ნაპოლეონ მესამის ინიციატივით მისი ცხედარი სამშობლოში გადაასვენეს და ქალაქ აიაჩოში დაკრძალეს. – (ავტორი გენია.ჯი)
კარლო ბუონაპარტე