ლიკურგე – „ეპიზოდი”
ძველი სპარტა გახლდათ ცალკე აღებული უნიკალური სამყარო, რომელშიაც საუკუნეების განმავლობაში უნაკლოდ ფუნქციონირებდა ლეგენდად ქცეული სპარტელი კანონმდებლის – ლიკურგეს მიერ შემოღებული მართლაც რომ გასაოცარი კანონები. (ავტორი გენია.ჯი) ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეებში მოღვაწე ლიკურგემ იმთავითვე სათანადოდ იზრუნა იმაზე, რომ მის მიერ სპარტაში შემოღებულ კანონებს სამარადჟამოდ თუ არა, დიდი ხნის განმავლობაში მაინც ეარსებათ. მან ქვეყანა მხოლოდ მას შემდეგ დატოვა, რაც სპარტის ყველა მოქალაქეს ჩამოართვა ფიცი იმის შესახებ, რომ ისინი სპარტაში მოქმედ კანონებს უცვლელი სახით დაიცავდნენ მანამ, სანამ იმავე კანონების ავტორი სამშობლოში არ დაბრუნებოდა. თუმცა, ლიკურგე სამშობლოში შეგნებულად აღარ დაბრუნებულა. მან უცხოეთში მოისწრაფა სიცოცხლე და ანდერძად დაიბარა, გარდაცვალების შემდგომ დაეწვათ მისი ცხედარი, ფერფლი კი წყალზე ისე მიმოეფანტათ, რომ მის უმცირეს ნაწილაკსაც ვერ მიეღწია სპარტამდე.
ამ უნიკალურ ქალაქ-სახელმწიფოში, სადაც თითოეული მოქალაქის შვილი სახელმწიფოს კუთვნილებას წარმოადგენდა და არა მშობლებისა, ლეგენდარული სპარტელი კანონმდებლის მიერ შემოღებული კანონები დიდი ხნის განმავლობაში იყო მოქმედებაში. იქ უფროს-უმცროსობაც კი კანონის ძალით რეგულირდებოდა. ასე მაგალითად: იმ შემთხვევაში, თუ უფროსი ასაკის მქონე სპარტელს მისი უმცროსი თანამემაულე დასმულ შეკითხვაზე პასუხს არ გასცემდა, ლიკურგეს კანონის თანახმად, ეს უკანასკნელი ფიზიკურად ისჯებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)