ჯოვანი ლორენცო ბერნინი – „ეპიზოდი”
თვით მეფეები და რომის პაპები ვერ მალავდნენ თავიანთ აღტაცებას, როდესაც მათ რეზიდენციებს ჯოვანი ლორენცო ბერნინი სტუმრის რანგში ეწვეოდა. „იგი მათი „თანასწორი” იყოო!” – სრულიად სამართლიანად შენიშნავდა სკულპტურაში ბაროკოს უნიკალური სტილის იტალიელი ფუძემდებლის შესახებ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფი. (ავტორი გენია.ჯი) ხელოვნების ისტორიაში ძალიან ცოტა მხატვარსა თუ არქიტექტორს, მოქანდაკესა თუ მუსიკოსს მიუღწევია იმ სიმაღლემდე, რომელზედაც იგი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იმყოფებოდა. „შეკვეთების შესანიშნავ შემსრულებლად” წოდებული ბერნინი ლუვრში სამუშაოდ თვით „მეფე-მზედ” წოდებულმა ლუი XIV დე ბურბონმა მიიწვია. ჯოვანის ადგილას სხვა მრავალი ხელოვანი დათანხმდებოდა უყოყმანოდ საფრანგეთის ძლევამოსილი მეფის შესაშურ შეთავაზებას. მაგრამ ბერნინი „სხვათა” რიგს ნამდვილად არ განეკუთვნებოდა. ცნობილი ფაქტია, რომ აღნიშნული საკითხის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დიპლომატიური მოლაპარაკებები ორ სახელმწიფოს შორის.
მაშინ, როდესაც ბერნინი რომს ტოვებდა, რათა საფრანგეთში გადაბარგებულიყო, „მარადიული ქალაქის” ქუჩები ხალხით გადაიჭედა. იმისათვის, რომ ბერნინის ქალაქი შეუმჩნევლად არ დაეტოვებინა, მთელი ბრბოები შეგნებულად და მასობრივად ბლოკავდნენ იმ გზებს, რომელზედაც გადიოდა მარშრუტი მათთვის სათაყვანებელი პიროვნებისა. ჯოვანი მოგვიანებით ხუმრობდა კიდეც – „იმ დღეს ჩემი თავი ისეთ სპილოდ წარმოვიდგინე, რომლის ნახვაც ყველას სურდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)