უილიამ პიტი უმცროსი – „ეპიზოდი”
გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში „უმცროსად” წოდებული ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი – უილიამ პიტი (1759-1806 წლები), ვინაც ქვეყნის მართვის მეტად საპასუხისმგებლო და მეტად საპატიო მისია სულ რაღაც 24 წლის ასაკში აიღო საკუთარ თავზე, გონიერებითა და ქედმაღლობით გამორჩეული პოლიტიკოსი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) უამრავი მნიშვნელოვანი რეფორმის ავტორის ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ მისი ბიოგრაფები უილიამის ალკოჰოლიზმისაკენ მიდრეკილებას ასახელებენ. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ გაერთიანებული სამეფოს მომავალმა ხელისუფალმა ალკოჰოლიზმს ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ყოფნის ჟამს მიჰყო ხელი. თუმცა, თავდაპირველად ეს მისი ნება-სურვილით არ ყოფილა განპირობებული: ყმაწვილკაცს ექიმმა მკურნალობის მიზნით დაუნიშნა ერთი ბოთლი ღვინის დალევა ყოველდღიურად. რამდენიმე ხანში პიტისათვის ღვინის სმა ჩვეულებად იქცა. გაიზარდა (თავისთავად) – „წამლის” (ღვინის) დოზაც. დოზის გაზრდამ (როგორც წესი) დროთა განმავლობაში იგი გალოთებამდე მიიყვანა. ლოთობისადმი მისი სწრაფვა იმდენად ცნობილი იყო ფართო საზოგადოებისთვის, რომ პრემიერს კარიკატურებსაც კი უძღვნიდნენ მხატვრები. კარიკატურებზე პიტი ლოთებისათვის დამახასიათებელი იერით იყო აღბეჭდილი – სმისგან გაწითლებული ცვირითა და ჩამოსიებული თვალის უპეებით.
უილიამს ლოთობა ქვეყნის მმართველობის ჟამსაც არ მიუტოვებია. იგი ხშირად წარმდგარა მთვრალი პარლამენტის წინაშე. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ პრემიერს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს რამდენჯერმე გულიც კი აერია და აღებინა. მიუხედავად ამისა, უილიამ პიტი მაინც ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პრემიერ-მინისტრის სახელით შევიდა გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში. – (ავტორი გენია.ჯი)