მარია იუადინა – „ეპიზოდი”
XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი უდიდესი რუსი პიანისტი ქალი – მარია იუადინა (1899-1970 წლები) ღრმად მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. (ავტორი გენია.ჯი) საშინელი ტერორის მიუხედავად, რაც მორწმუნეების წინააღმდეგ მიმდინარეობდა „წითელ იმპერიაში”, მოსკოვის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ყოველი გამოსვლის დროს, მარია სანამ როიალს მიუჯდებოდა, მანამდე პუბლიკის წინაშე (საჯაროდ) იწერდა პირჯვარს. გასაგები მიზეზების გამო, ასეთ „უფლებას” იმ პერიოდში ბევრი ცნობილი ადამიანი ვერ აძლევდა საკუთარ თავს საბჭოეთში. უნიჭიერესი მართლმორწმუნე მუსიკოსის ტალანტსა და შემოქმედებას დიდ თაყვანს სცემდა იოსებ სტალინი, რაც მარიას საშუალებას აძლევდა თავისი რელიგიური გრძნობები არავის წინაშე არ დაემალა.
ერთ საღამოს მოსკოვში განთავსებულ სახელმწიფო ტელე-რადიო ფონდის დირექტორის სამუშაო კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. ხაზზე საბჭოთა გენსეკი – სტალინი იმყოფებოდა. ბელადმა დირექტორს უთხრა, რომ რადიოში ეს-ესაა მოუსმინა იუადინას მიერ შესრულებულ მოცარტის ერთ-ერთ მუსიკალურ ნომერს, რამაც იგი აღფრთოვანებაში მოიყვანა. ამის შემდეგ სტალინმა იკითხა, მოიპოვებოდა თუ არა ფონდში ფირფიტა, სადაც მარიას მიერ ფორტეპიანოზე შესრულებული მთელი კონცერტი იყო ჩაწერილი. დირექტორი არც კი დაფიქრებულა, ისე უპასუხა სტალინს – „დიახ, მოიპოვება!” – „კარგით, ხვალ დილით გამომიგზავნეთ აგარაკზე!” – უთხრა გენსეკმა და ყურმილი დაკიდა.
თავის მხრივ, დაკიდა თუ არა დირექტორმა ყურმილი, თავში შემოიცა ხელები – ფონდის არქივში მარია იუადინას არც ერთი ფირფიტა არ იყო დაცული. და რადგანაც ბელადთან სიტყვას ვერ გატეხდა, დირექტორმა უმალვე გამოიძახა თავისთან მარია და ორკესტრი. ეს იყო ის უიშვიათესი მოვლენა, როდესაც 3 დირიჟორი გამოეცვალა ორკესტრს! დაძაბულობისაგან, რომელიც შიშით იყო გამოწვეული, დირიჟორებმა სათანადოდ ვერ უხელმძღვანელეს ორკესტრს. საბოლოო ჯამში, იუადინას კონცერტი ერთადერთ ეგზემპლარად მაინც იქნა ჩაწერილი ერთადერთი ღამის განმავლობაში.
დილას ფირფიტა სტალინს გაუგზავნეს აგარაკზე. რამდენიმე ხანში მუსიკოსმა კონვერტი მიიღო, რომელშიაც იმ პერიოდისათვის სოლიდური თანხა – 20 000 მანეთი იდო. საპასუხოდ, იუადინამ სტალინს გამაოგნებელი შინაარსის მქონე წერილი გაუგზავნა: „დიდი მადლობა – იოსებ ბესარიონის ძევ, დახმარებისთვის! მე დღე და ღამ ვილოცებ თქვენთვის და შევთხოვ უფალს, შეგინდოთ თქვენს მიერ ხალხისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი ცოდვები. ღმერთი მოწყალეა. იგი შეგინდობთ! ფულს კი, რომელიც თქვენ საჩუქრად გამომიგზავნეთ, იმ ეკლესიის რესტავრაციას შევწირავ, რომელშიც ხშირად დავიარები”.
მიუხედავად ასეთი სახის საპასუხო წერილისა, სტალინს იუადინაზე ხელი მაინც არ უხლია. პიანისტმა ქალმა ხანგრძლივი სიცოცხლე განვლო და ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა. – (ავტორი გენია.ჯი)