კარლოს ლედერი – „ეპიზოდი”
„გერმანელი” – ასეთი მეტსახელით მოიხსენიებდნენ მედელინის ნარკოკარტელის ერთ-ერთ ფუძემდებელს – კარლოს ენრიკო ლედერ რივასს მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) იგი გამორჩეული იყო ერთობ არაპროგნოზირებადი საქციელით. ასე მაგალითად: აქტიურად უჭერდა მხარს მეორე მსოფლიო ომის უმთავრესი შემოქმედის – ადოლფ ჰიტლერის იდეებს, რადგან საკუთარ თავს „ჭეშმარიტ არიელად” მიიჩნევდა (კარლოსის მამა ეროვნებით გერმანელი იყო). საშინლად სძულდა ამერიკის შეერთებული შტატები. ის კი არა და, იმასაც ამბობენ, კარლოსი კოკაინით იმიტომ აჯერებდა ზედმეტად აშშ-ის ნარკობაზარს, რომ მისთვის საძულველ ქვეყანაში ქაოსი შეეტანაო. დამნაშავეთა სამყაროში „გერმანელს” ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურის რეპუტაცია გააჩნდა, რასაც თავადაც უწყობდა ხელს თავისი ალოგიკური ქმედებებით. ნარკოტიკებით ვაჭრობას ლედერმა, ვინაც სკოლა მე-6 კლასში მიატოვა, ხელი სკოლის ასაკიდანვე მიჰყო. დროთა განმავლობაში იგი არა მხოლოდ „წარმატებულ ნარკობარონად” იქცა, არამედ ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანადაც ჩამოყალიბდა. იმისათვის რომ კარლოსის ნარკოტრაფიკს აქტიურად ეფუნქციონირა, როგორც სატრანზიტო ბაზა, ბაჰამებზე ერთ-ერთი კუნძული – ნორმანს-კეი შეიძინა. პაბლო ესკობართან „თანამშრომლობა” მისთვის იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ლედერი ძალიან დიდი ფულის მფლობელი შეიქნა. დიდმა ფულმა და დიდმა გავლენებმა კარლოსი უზომოდ გაათავხედა. იგი დარწმუნებული იყო, რომ „დიდი ფულით” ყველას და ყველაფრის ყიდვა იყო შესაძლებელი. მისმა თავხედურმა გამოხდომებმა აპოგეას მაშინ მიაღწია, როდესაც კარლოსმა კოლუმბიის პრეზიდენტს შესთავაზა, ქვეყნის უზარმაზარი საგარეო ვალის სრულიად დაფარვის სანაცვლოდ, მისი „ბიზნესის” ლეგალიზება მოეხდინა. ნარკობარონის მიერ შეთავაზებული „მომხიბლავი” წინადადება სახელმწიფომ რაღა თქმა უნდა, არ მიიღო. მიიღო კი არა და, რამდენიმე ხანში იგი კოლუმბიის ჯუნგლებში დააკავეს კოლუმბიელმა სამხედროებმა და აშშ-ს, მისთვის საძულველ ქვეყანას გადასცეს გასასამართლებლად. კარლოს ლედერს ამერიკულმა სასამართლომ – სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. – (ავტორი გენია.ჯი)