„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ეგეთი ყოფილა ადამიანი, ყველას უნდა ის იყოს პირველი და უბადლო ყველა საქმესა და ვითარებაში, ღირსიც და უღირსიც პირველობას ეპოტინება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ეს არის კაცად წოდებული ადამიანის ბედნიერი თვისება – ადვილად იგდებს გულიდან სხვის უბედურებას და საკუთარს უტრიალებს საგულდაგულოდ”.
* * *
„რაოდენ ერთნაირია ადამიანური სიხარული თავისი გამოხატულებით, მაგრამ რამდენად სხვადასხვაა მისი სათავე”.
* * *
„თუ კაცი შურიანია, ყველაზე მეტად ტოლ-სწორის სიკეთე ამწარებს”.
* * *
„ალალი ცრემლი ჭეშმარიტად სიკეთეს ბადებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანისათვის იმედი არის ის ვეებერთელა, უძლეველი ძალა, ცხოვრების ჩარხს რომ აბრუნებს შეუჩერებლივ. ნუ მისცემ ადამიანს ზედმეტ ლუკმას, ზედმეტ სიხარულს, ოღონდ იმედი არ მოუშალო”.
* * *
„ისე, კაი სიბერე, რომ იცოდეთ, კაი თავქარიანულ ახალგაზრდობას ჯობია. რაა მასზე უკეთესი, თმა რომ გაგითეთრედება და მოსწრებული შვილიშვილები მოსვენებას აღარ გაძლევენ. ჰა!”
* * *
„რატომაა ზოგი კაცი გულღვარძლიანი და შურიანი, რატომ არ უყვარს სხვისი კარგი და თავის უნიათობას ვიღაცას რატომ აბრალებს, თანაც ისეთს, ვინც მის მიმართ სრულიად უბრალოა და უფრო მეტიც – ვისაც მისი სიკეთე, ყველა კაცის სიკეთე, უთუოდ გაახარებდა და აამებდა? ანდა რას ვერჩით ადამიანს, თუკი ის არას გვერჩის, პირიქით, კეთილი თვალით შემოგვხედავს, თუკი შეგვხვდება სადმე გავლით ანდა საქმეში და დახმარების ხელს გამოგვიწვდის უანგაროდ?”
* * *
„დაუმსახურებელი ლანძღვა ან გაზვიადებული ქებათა-ქება ის ტყუპები არიან, რომელთაგან პირველობა ერთი წუთით ადრე დაბადებულს ეკუთვნის…”
* * *
„ისე როგორ არ უნდა მოეწყოს ცხოვრება, რომ ერთმა მეორე არ მოკლას, რომ კაცისკვლა ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს და გათავდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)