ნიკოლო პაგანინი – „ეპიზოდი”
ყველა დროის საუკეთესო მევიოლინედ აღირებულ - ნიკოლო პაგანინის (1782-1840 წლები) ხშირად სდებდნენ ბრალს – სიხარბეში და ამაში ნამდვილად იყო სიმართლის მარცვალი. (ავტორი გენია.ჯი) ანტონიასთან ქორწინების შემდგომ პაგანინების წყვილს 1825 წლის 23 ივლისს – ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ძველ ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირის – აქილევსის საპატივცემულოდ მისი სახელი – აქილევსი დაარქვეს. მოგვიანებით ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც განქორწინებით დასრულდა. ანტონია ბიანკისთან განქორწინებამ იტალიელი მუსიკოსი ერთობ გაახარბა თურმე. თუმცა, როგორც ჩანს, ამას თავისი მიზეზიც გააჩნდა: შვილზე მეურვეობა სასამართლომ მამას დააკისრა. პაგანინი მანამდეც აქტიურად ცდილობდა თავისი ვაჟისათვის კომფორტული და უზრუნველი გარემო შეექმნა და ახლა, კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეუდგა ამ საქმეს. პაგანინის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები ერთიორად გაძვირდა. გაიზარდა კერძო „შეკვეთების” ფასიც, რასაც თან პაგანინის გაზრდილი სიხარბეც დაერთო. ასე მაგალითად, ინგლისის მეფემ – ჯორჯ IV ჰანოვერმა, ვინაც დიდი თაყვანისმცემელი იყო პაგანინის ტალანტისა, მევიოლინეს (კერძო) კონცერტის გამართვა სთხოვა. ბრიტანელი მონარქის მიერ შეთავაზებული თანხა მადაგაზრდილ ნიკოლოს ეცოტავა. შედეგად იგი არ მორიდებია „მის უდიდებულესობას” და უარი შეთავაზებულ წინადადებაზე ერთობ გაბედული სიტყვის თანხლებით აახლა – „თუკი მეფეს ასე სურს ეკონომიის გაწევა, მაშინ მას შეუძლია ჩემს საჯარო კონცერტს დაესწროსო”.
P.S. გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე ნიკოლომ თავის ვაჟთან აღიარა, რომ ოდესღაც მას სასიყვარულო რომანი ჰქონდა გაბმული ისეთი სახელოვანი ისტორიული პერსონის ღვიძლ დასთან, როგორიც გახლდათ – ნაპოლეონ ბონაპარტი. სწორედ საფრანგეთის პრინცესა და ტოსკანის ჰერცოგინია (ანუ ნაპოლეონ ბონაპარტის უფროსი და) – ელიზა ბონაპარტი გახლდათ ის ქალი, ვინაც თავის „საყვარელს” – ნიკოლო პაგანინის არა მხოლოდ „სასახლის ვირტუოზის” საპატიო ტიტული უბოძა, არამედ იგი – პირადი გვარდიის კაპიტნადაც კი დანიშნა.
ელიზა ბონაპარტი