კვაჭი კვაჭანტირაძის პერსონაჟის შესახებ…

„ – გახსოვთ ჩვენი კვაჭიკო პაწაწობაში ტირილის დროს სულ „მე-მე”-ს რომ გაიძახოდა? მაშინ ვთქვი: ეს ბოვში არავის აფერს არ შეარჩენს და თელ ქვეყანას დეიჩემებს-თქვა. არ მართლდება ჩემი სიტყვა?” – (კვაჭის მამის – სილიბისტროს ნაწინასწარმეტყველევი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – შვილო კვაჭი, აი ქვეყანა ასეა მომართული: ზოგი უმფროსია, ზოგი უმცროსი. ზოგი მდიდარია, ზოგი ღარიბი. ზოგი ძლიერია, ზოგიც გლახაკი. ზოგი თავადია ან აზნოური, ზოგი კიდო ყაზახია, გლეხია. შენისთანა აზნოურიშვილმა ყველას თავი არ უნდა გოუყადროს, არ უნდა აჰყვეს. ყაზახი და გლახა შენ ვეფერს მოგცემენ, პირიქით, გამოგრჩებიან რასმეს. აზნოურს და მდიდარს დოუმეგობრდი, დოუახლოვდი, ასიამოვნე და ძმათ გოუხდი. მდიდარი და ძლიერი ყოველთვის გამოგადგება: ერთი წინ წაგაყენებს, მეორე გაჩუქებს რასმე. მესამე ხელს მოგიმართავს. ასთეა, ჩემო კვაჭიკო, მოწყობილი აი ქვეყანა, შენც უნდა მიჰყვე მას და გამოიყენო”. – (ასე „მოძღვრავდა” ბავშვობის ჟამს კვაჭის თავისი საყვარელი მამა – სილიბისტრო კვაჭანტირაძე)

* * *

„კვაჭი კვაჭანტირაძემ ისწავლა სიბრძნე ბებერ თუთიყუშისა, რომელიც ხარიხაზე იჯდა, მარცხნივ და მარჯვნივ ქანაობდა და თილისმურ ფორმულას იმეორებდა: „არც მარჯვნივ, არც მარცხნივ… არც აქეთ, არც იქით… შენც მინდიხარ, ისიც მიყვარს…”

 

„კვაჭი ჭკუიანთან ჭკუიანი იყო, დინჯთან – დინჯი, ხუმარასთან – ხუმარა, დარდიანთან – დარდიანი, მხიარულთან – მხიარული. ძლიერთან – მორჩილი, პირმოთნე, ქლესა, თავაზიანი და მოღიმარე. მაგრამ თუ საჭირო იყო, მას შეეძლო უხეშთან და ჭირვეულთან – თამდაბალი და მოქნილი ყოფილიყო, სუსტთან – კადნიერი, თავხედი, ჟინიანი. პირდაპირთან – ორგული, ფლიდი და ორპირი. ორგულთან – ათგული და ათპირი. მუხასთან – ლერწამი, ლერწამთან – მუხა. რკინასთან – ბამბა და ბამბასთან – რკინა”.

* * *

„სილიბისტროს შვილს – კვაჭის მტკიცედ, ღრმად და ურყევად სწამდა, რომ ამ ქვეყნის ღერძი და დედაბოძი მხოლოდ და მხოლოდ ფულია. ხოლო დანარჩენი, რაც კი ამ ქვეყნად არსებობს – მთელი მსოფლიოს სული, გულიც და ხორციც – უკლებლივ ყველაფერი მხოლოდ ფულის მტვერია, მისი ყურმოჭრილი მონა მორჩილია და ყოველივე ისე იყიდება, როგორც ის ერთი წყვილი საცვალი, რომელიც მან იმ დღეს იყიდა ბათომში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველაფერს თავისი ადგილი, დრო და ზომა ქვს”. – ეს უბრალო ჭეშმარიტება კვაჭის ზედმიწევნით ჰქონდა შეთვისებული.

* * *

„კვაჭის ერთი ჩვეულებაც სჭირდა, რომელიც კანონად და წესად ჰქონდა მიჩნეული: „ნურავის ნურასოდეს ნურაფერზე უარს ნუ ეტყვი, მაგრამ დანაპირები მხოლოდ მაშინ შეასრულე, თუ იგი იმავე დღეს ან ხვალ მაინც მოგიტანს სარგებლობას. ამიტომ იყო, რომ კვაჭიკოსგან უარი არავის არ გაუგია და გულკეთილი, თავაზიანი და ზრდილი ახალგაზრდა უხვად აბნევდა, მარცხნივ და მარჯვნივ ათასნაირ დაპირებას”.

* * *

„კვაჭის ყველგან და ყველაფერში ადვილად ეხერხებოდა დროზედ მიხვეულ-მოხვეული ბილიკებით სიარული, დროზედ ჩრდილში შესვლა, მოთმინება, დროს და ადგილის შერჩევა და უკან დახევაც”.

* * *

„სხვის ზიდვას მე მირჩევნია, რომ სხვა ვინმემ მზიდოს”. – კვაჭის ცხოვრებისეული დევიზი

* * *

„დასწყევლა ღმერთმა! ქართველებმა ან პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკონ, ან ფილოსოფიაზე. ეს „იზმები” რომ ფრანგულია – ვიცი, მაგრამ რა ჯანდაბაა ეს „არსი”, „ყოფა”, „სახეობა”?.. აი, კიდევ: „ანარეკლი”… „ვრუბელი”… ძველი ქართულია, ალბათ ღრუბელი იქნება… „ვერლენი”… „მეტერლინკი”… „ანუნციო”… – (კვაჭის ნაფიქრი) – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>