ამონარიდები ჯემალ ჯაყელის რომანიდან – „აღმართი მარადიული მშვენიერებისა”
„არ დაივიწყო, რაკი მიწაზე ცხოვრობ, უნდა იცხოვრო მიწიერი კანონებით. უნდა იწამო და წრფელად გჯეროდეს ისეთი ფენომენალური თავისებურებებისა, როგორიცაა: სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა, მტრობა, შენება, ნგრევა, სიკეთე, ანთება, ჩაქრობა, სიბინძურე, სიწმინდე და… ყველაფერი, რაც კი მიწიერია. არაფერი არ უნდა გიკვირდეს… არაფერი!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რარიგ უბრალო მანერით, დეტალით გამოჩნდება ადამიანის სიმცირე სულისა!!!”
* * *
„ – ყველაზე ძლიერთ ყველაზე მეტად უჭირთ”.
* * *
„ფეხშიშველა სიარულიც კი არაფერია, თუკი სხვათა სამსახურში ხარ. წმინდა ნინოსათვის ჯვრის მოტანა და ქართველთა მოქცევა იყო მთავარი და არა ის, თუ როგორ იყო შემოსილი: ფეხშიშველი მიდიოდა თუ ფეხცმული… თამარისათვის ბასიანის ომის მოგება იყო მთავარი და არა ის, მეფური ქოშები ეცვა თუ გლეხური წაღები, ფეხშიშველი მიდიოდა თუ ფეხცმული”.
* * *
„ადამიანებმა უნდა იზრუნონ არა მარტოოდენ მშვიდობისათვის, არამედ სიმშვიდისათვისაც. სიმშვიდეში იშლება ვარდი. სიმშვიდეში იზრდება ბავშვი. სიმშვიდეში გალობს ფრინველი. ჯერ კაცის შვილს არ უნახავს, რომ ჭექა-ქუხილის დროს გალობდეს ბულბული…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თავისთავისათვის სამსახური მხოლოდ საკუთარ კმაყოფილებასა და სიამოვნებას იწვევს, სხვისადმი კი სხვისასაც. მთავარია ამგვარი სიამოვნებისა და კმაყოფილების ფასი იცოდეს ადამიანმა”.
* * *
„ – მე ქალი ვარ და ჩემი არსებობის გამართლება არის დედობა! მე ბავშვები უნდა გავაჩინო და ადამიანებად დავზარდო ისინი. მე ქალი ვარ და, გასაგებია, რომ ყოველი ქალი თაობათა ცვლას ემსახურება. ქალისათვის, როგორც ძნელბედითი მთასვლელისათვის, აუცილებელია იმ მწვერვალის დაპყრობა, რომელსაც დედობა ჰქვია. აი, ამიტომაა ჩემი, როგორც ქალის მდგომარეობა ძნელი და საპასუხისმგებლო. შენ, მამაკაცს შეგიძლია ნერგი დარგო და მერე მას აღარ მიაკითხო იმ იმედით, რომ იცი, ის მაინც გაიზრდება. შეგიძლია აკეთო სხვა, საზოგადოებისათვის აგრეთვე საჭირო საქმე, მაგრამ მე არ შემიძლია უყურადღებო ვიყო იმ ნერგისადმი, რადგან მე მიწა ვარ და იმ ნერგმა ჩემზე უნდა იზარდოს. ფესვებით ჩემგან უნდა შეისრუტოს სიცოცხლე, იმედი, სიხარული და ყოველი ის, რაც ადამიანისათვის ოდითგანვე არის წილნაყარი”.
* * *
„ბედი ძალიან ჰგავს ლურჯას, ზოგჯერ თუ ნიავივით გადაგატარებს მთებსა და ზღვებს, ზოგჯერ უბრალო თხრილის წინ გაგიჯიუტდება, თანაც ისე გაგიჯიუტდება, თავისთავს შეგაზარებს”.
* * *
„საქმის გარეშე სიტყვა ცარიელი ჯამია, რომელშიც ხელს არ ყოფენ”.
* * *
„საოცარი ხარ, მზეო! თვალებს თან მინათებ, თანაც ცრემლს მადენ”. – (ავტორი გენია.ჯი)