ელიზა ლეონიდა ზამფირესკუ – „ეპიზოდი”
XIX საუკუნის ევროპაში ქალთა უფლებები უკიდურესად იყო დარღვეული, რის გამოც ისინი საშინელ დისკრიმინაციას განიცდიდნენ. ასეთ გარემოში გასაკვირი არც ის იყო, რომ საზოგადოება ერთობ უარყოფითად აღიქვავდა მეცნიერებით ქალის გატაცებას. „მეცნიერება ქალის საქმე არ არის!” – ეს გახლდათ იმ პერიოდის ევროპული საზოგადოების გამოძახილი. (ავტორი გენია.ჯი) ყოველივე ამის ფონზე წარმოუდგენელი გახლდათ პროფესია ინჟინერი-ქალისა. ტაბუს მიუხედავად, მიზანსწრაფულმა ახალგაზრდა რუმინელმა ქალმა – ელიზა ლეონიდა ზამფირესკუმ (1887-1973 წლები), თავისი ნიჭის წყალობით მაინც მოახერხა 1909 წელს ჩაებარებინა ბერლინის ტექნოლოგიურ აკადემიაში. ელიზას მისი თანაკურსელი ვაჟები ამრეზით უყურებდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ქალის ფუნქციას წარმოადგენდა ბავშვების დაბადება, მათი აღზრდა, ზრუნვა ქმარ-შვილზე, საჭმელის მომზადება და არა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საინჟინრო ფაკულტეტზე ჩაბარება. მიზანდასახულმა და პრინციპულმა ზამფირესკუმ ღირსეულად გაუძლო უმაღლეს სასწავლებელში შექმნილ სიძნელეებს და სამწლიანი სწავლის კურსის გავლის შემდგომ – ინჟინრის დიპლომი მიიღო. შედეგად, იგი გახდა ევროპის ისტორიაში პირველი ქალი, ვისაც ოფიციალურად მიანიჭა ინჟინრის ხარისხი უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ამ შემთხვევაში – ბერლინის ტექნოლოგიურმა აკადემიამ.
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ევროპის ისტორიაში პირველი ინჟინერი-ქალი რუმინეთის ქალაქ მერეჩეშტში არსებულ საავადმყოფოს ხელმძღვანელობდა. მისმა ძალისხმევამ უამრავი დაჭრილი იხსნა სიკვდილისაგან, რითაც ძალიან გაითქვა სახელი. ელიზას ავტორიტეტი იმდენად მაღალი იყო სამშობლოში, რომ სახელოვან თანამემაულეს პატივი დასდო თვით რუმინეთის დედოფალმა – მარიამ და მისმა ქალიშვილმა, პრინცესა – ილეანამ, რომლებიც ზამფირესკუს ქორწილს საპატიო სტუმრების რანგში ეწვივნენ. – (ავტორი გენია.ჯი)