ჯემალ ჩახავა – „ცხოვრების ეტლი”
ცხოვრების ეტლი, როგორც ნიავი,
დასასრულისკენ უჩუმრად მიჰქრის,
და ყოველივე არის იაფი,
როგორც ზამთარში თოვაზე ფიქრი.
* * *
გადაიჭრება ყველა საკითხი,
მიგაგორებენ, როგორც იაქეს,
მაგრამ დღეები ნაღდი განკითხვის,
ვიცი, რომ ყველას გვაფორიაქებს.
* * *
არავინ იცის, არავის უნდა,
წუთით რომ მაინც გაჰხედოს წარსულს,
ცა ჩამოიქცეს ამქვეყნად თუნდაც,
ცოდვათ მხილება არავის არ ჰსურს.
* * *
მაგრამ, როდესაც მივეჯაჭვებით
ბეჭებით ჩვენი ცხოვრების ლეიბს,
როს ყოველივე ირგვლივ დაჭკნება
და სიკვდილი რომ დაიწყებს ზეიმს,
მაშინ მითხარი, ძმაო კეთილო,
რომ ვერ გაშინებს ტვირთი ცოდვათა,
და სახე, სანთლად გამოკვეთილი,
შიშს თუ არ იგრძნობს თუნდაც ოდნავად.
* * *
ცხოვრების ეტლი, როგორც ნიავი,
დასასრულისკენ უჩუმრად მიჰქრის,
და ყოველივე არის იაფი,
როგორც ზამთარში თოვაზე ფიქრი.