კონსტანტინე ლორთქიფანიძე – „მერის”
წუთისოფელი რასაც მოგვცემდა,
ჩვენ გავიყოფდით თანაბრად მუდამ.
სიხარულს, ნაღველს, ლამაზ ოცნებას,
შვილის სიყვარულს და თოვლის გუნდას.
* * *
სადმე ჭალაში გაგონილ „აუ”-ს,
მთვარეს, თხილის გულს, მოწამლულ ისრებს,
და როცა ჩემზე გეტყოდნენ აუგს,
მოიღერებდი ამაყად კისერს.
* * *
ახლა მასწავლე, როგორ გავიყო
შენი ტკივილი და სნეულება!
როგორ გავიყო!
შენი თვალები
რატომ არაფერს არ მეუბნება.
* * *
შენ არ გივლია არასდროს კენტად
და თუ გოლგოთა საწოლზე დაგცემს -
იმ ყაჩაღივით ვიქნები შენთან,
იესოს გვერდით ჯვარზე რომ აცვეს.