ლიუ ჩუიუ – „ეპიზოდი”
იშვიათი სილამაზითა და განსაკუთრებული ვნებიანობით გამორჩეული ჩინელი პრინცესა - ლიუ ჩუიუ (446-465 წლები), თავის დროზე ისე დაქორწინდა ერთ-ერთი ადგილობრივი სახელმწიფო ჩინოვნიკის ვაჟიშვილზე, რომ მის მიმართ სიყვარულის გრძნობა არ ჰქონია. ყმაწვილქალი პრინცესას ბედი ამ შემთხვევაში ლიუს იმპერატორი მამის ნება-სურვილმა გადაწყვიტა. მას შემდეგ, რაც იმპერატორი სიაო სუნი გარდაიცვალა, მბრძანებლის კვერთხი ხელთ იგდო მისმა ვაჟიშვილმა – ციანფეიმ. (ავტორი გენია.ჯი) მამის სიცოცხლეში გოგონა მაქსიმალურად იკავებდა თავს აღვირახსნილი ცხოვრებისაგან, მაგრამ, როგორც კი იგი აღესრულა, ყოველგვარი თავშეკავების გრძნობაც დაკარგა.
დედმამიშვილებს შორის ყველაზე ახლო ურთიერთობა ლიუს სწორედ რომ ახლად გაიმპერატორებულ ძმასთან გააჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ თავის დას ციანფეი ერთობ გადამეტებულადაც კი ანებივრებდა. იგი გოგონას უარს არც ერთი ხუშტურისა და კაპრიზის ასრულებაზე არ ეუბნებოდა. ამ გარემოებით კარგად ისარგებლა პრივილეგირებულმა ლიუმ, რომელმაც ერთ დღეს იმპერატორს გამაოგნებელი წინადადებით მიმართა. „მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ სხვადასხვა სქესის წარმომადგენლები ვართ, ჩვენ მაინც ერთი მამის შვილები ვართ. თუმცაღა, მაშინ, როდესაც თქვენ სასახლეში 10 000-ზე მეტი ქალი გყავთ, მე სახლში მხოლოდ ერთადერთი მამაკაცი (ქმარი) მომეძევება. ეს კი დიდი უსამართლობაა”.
საკვირველი და გაუგონარია, მაგრამ ფაქტია, რომ იმპერატორმა თავისი საყვარელი დის თხოვნა სრულიად დააკმაყოფილა: მან 30 ახალგაზრდა „რჩეული” მამაკაცი გამოუყო ლიუ ჩუიუს თავისი აღვირახსნილი და ბილწი ვნებების დასაკმაყოფილებლად. ისტორიკოსები შენიშნავენ, რომ პრინცესას სასახლეში ახალის სახის ჰარამხანამ, „მამაკაცთა ჰარამხანამ” დაიმკვიდრა ადგილიო. ჰარამხანაში დამკვიდრებულ „ყაძახებს” – „მიანშოუ”, ანუ – „საუკეთესო სახეები” უწოდეს. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ პრინცესა არც ამ რაოდენობის „საყვარლებით” არ იყო კმაყოფილი და თავისი ჰარამხანის გაზრდასაც გეგმავდა, თუმცა ვერ მოესწრო. მას შემდეგ, რაც შეთქმულების შედეგად მოკლული იქნა ციანფეი, იმპერატორის ტახტზე სიანდუნი ავიდა. ახალი მბრძანებელი ძველი მბრძანებლისაგან განსხვავებით, აღშფოთებული იყო ლიუს ამორალური ქმედებებით. თავდაპირველად იგი შეეცადა ლაგამი ამოედო პრინცესას „თავისუფალი ცხოვრებისათვის”, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწია. და, რადგანაც ვერაფერს ვერ მიაღწია, ლიუ ჩუიუს ოფიციალურად დაედო სახელმწიფო ბრალი უზნეობასა და გახრწნილებაში. შედეგად, ჩინეთის საიმპერატორო კარზე „მამაკაცთა ჰარემის” ჩამომყალიბებელ პრინცესას სასამართლომ თვითმკვლელობის ჩადენის მეთოდით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. – (ავტორი გენია.ჯი)