გუსტავ კაიბოტი – „ეპიზოდი”
ყველაფრით უზრუნველყოფილმა დიდმა ფრანგმა იმპრესიონისტმა მხატვარმა და კოლექციონერმა – გუსტავ კაიბოტმა (1848-1894 წლები), თავისი ცხოვრების უკანასკნელი 10 წელიწადი სახვითი ხელოვნების გარდა, მებაღეობასაც დაუთმო. (ავტორი გენია.ჯი) ბუნების მოყვარულმა ფერმწერმა მის საკუთრებაში არსებულ ბაღში უამრავი სახეობის ყვავილი დარგო და ახარა. მათ შორის – ქრიზანთემები, გეორგინები, ზამბახები, ვარდები და გლადიოლუსები. კაიბოტი ბაღს ცივ ნიავს არ აკარებდა. ის კი არა და, მან იგი ხელოვნური სარწყავი სისტემითაც აღჭურვა. დროთა განმავლობაში კაიბოტმა იმდენად იდეალური გარემო შეიქმნა იქ, რომ თავისუფალი დროის დიდი ნაწილის გატარება საკუთარი ბაღის სივრცეში არსებულ ორანჟერეაში დაიწყო.
ერთხელ კაიბოტი მისმა სახელოვანმა კოლეგამ – კლოდ მონემ მიიწვია სახლში ვახშამზე. გუსტავმა მიწვევაზე თავაზიანი უარი განაცხადა. უარის მიზეზად კი მან მონეს შემდეგი გარემოება დაუსახელა: „ამ დილით ჩემს ბაღში stanhopea aurea (ორქიდეა) აყვავილდა. ცნობილია, რომ ამ უნიკალური მცენარის ყვავილობა სულ რაღაც სამი-ოთხი დღის განმავლობაში გრძელდება, რის შემდგომაც მე მის შემდგომ აყვავილებას მთელი ერთი წელიწადი უნდა ველოდო. ამიტომაც არ შემიძლია ამ მოვლენის გამოტოვება დღესდღეობით. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში!” – (ავტორი გენია.ჯი)