ჟოზეფინ ბოარნე – „ეპიზოდი”
ნაპოლეონ ბონაპარტის ექსცენტრიული და თავქარიანი მეუღლე – ჟოზეფინ ბოარნე (1763-1814 წლები), თავის დროზე, კარიბის ზღვაში განთავსებულ ულამაზეს კუნძულზე – მარტინიკაზე მოევლინა ქვეყნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც არ მიიჩნევა ცხოველების მოყვარული ქალის მხრიდან ეგზოტიკური ცხოველების მიმართ გამოვლენილი განსაკუთრებული სიყვარული – დიდ უცნაურობად. ცნობილია, რომ გარდა საყვარელი ძაღლისა – ფორჩუნისა, ბოარნეს კიდევ ჰყავდა მისთვის ერთ-ერთი გამორჩეული საყვარელი არსება, მდედრი ორანგუტანი სახელად – როზა. ეს ადამიანის მსგავსი მაიმუნი საფრანგეთის ძლევამოსილ დედოფალს მშობლიური კუნძულის – მარტინიკას გუბერნატორმა აჩუქა. ქალმა იმდენად შეიყვარა ეგზოტიკური ცხოველი, რომ მასზედ ზრუნვას მსახურთა მთელი შტატი ანხორციელებდა. ისევე როგორც ჭეშმარიტ არისტოკრატ ქალებს შეშვენით, ჟოზეფინა როზას ხშირად რთავდა თეთრი მდიდრული კაბებით. გარდა ამისა, ბოარნეს საყვარელ არსებას უფლება ეძლეოდა მასთან ერთად ეტრაპეზა. როზა გაწვრთნილი მაიმუნი იყო და ამიტომაც ფლობდა ქცევის კარგ თვისებებს: ჭამდა ფრთხილად და მოზომილად. ყოველი ჭამის შემდეგ კი სათუთად იწმენდდა დრუნჩებს მისთვის სპეციალურად გამოყოფილი ხელსახოცით. ის კი არა და, დედოფლის პირველი მოახლე – მადემუაზელ ავრილიონი იმასაც ირწმუნებოდა, როზას დანა-ჩანგლის მოხმარება ძალუძდა ჭამის დროსო.
ჟოზეფინას საყვარელ არსებას სასახლის მთელ ტერიტორიაზე შეეძლო გადაადგილება. მისთვის დაშვებული იყო სასახლეში არსებული ნებისმიერი ოთახის კარის შეღება. პრივილიგირებულ როზას ამისათვის არავინ უნაწყენდებოდა. იგი ხშირად იკავებდა ადგილს ბოარნესა და ნაპოლენის სარეცელში, რაც ძალიან აღიზიანებდა თურმე „პატარა გიგანტს”.
ყოველივე ამის მიუხედავად, პარიზის კლიმატი ორანგუტანისათვის მაინც სასიკვდილო აღმოჩნდა. როზა ნელ-ნელა ილეოდა ფიზიკურად. მკურნალობამ და ნაწლავების მრავალმნაირმა მცენარეულმა ნაყენებმა მისი განკურნება ვერ შეძლეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, დიდხანს უგლოვია ჟოზეფინას თავისი საყვარელი ორანგუტანი. დიდხანს უგლოვია, რადგან მის ეგზოტიკურ მშობლიურ მხარეს აგონებდა იგი დედოფალს უპირველესად. – (ავტორი გენია.ჯი)