დედოფალი ვიქტორია – „ეპიზოდი”
„როდესაც გავიზრდები, ყოველდღე შევჭამ იმას, რაც მომესურვება!” – ეს გულწრფელი სიტყვები გაერთიანებული სამეფოს მომავალმა დედოფალმა – ვიქტორიამ (1819-1901 წლები) ბავშვობის ჟამს წარმოთქვა. (ავტორი გენია.ჯი) სამეფო ეტიკეტი მოითხოვდა, რომ პატარა პრინცესა მკაცრ აღმზრდელობით სისტემას დაქვემდებარებოდა. ვიქტორიას დედამ, კენტის ჰერცოგინიამ – ვიქტორია საქსენ-კობურგ-ზაალფელდელმა და მისმა უახლოესმა მრჩეველმა – ჯონ კონროიმ პატარა პრინცესასათვის სპეციალურად შეადგინეს კიდევ უფრო მკაცრი აღმზრდელობითი სისტემა, რის საფუძველზეც შემდგომ წლების განმავლობაში იზრდებოდა სამეფო ტახტის მომავალი მემკვიდრე. და მერე როგორი სახელოვანი სამეფო ტახტის მემკვიდრე…
პრინცესა ვიქტორიას იმთავითვე ახასიათებდა სიმსუქნისადმი მიდრეკილება, რაც ფრიად არასასიამოვნო მოვლენა იყო მისი მშობლებისათვის. შედეგად იგი მკაცრ დიეტაზე დასვეს. „ვერასოდეს ვჭამდი იმდენს, რამდენიც მსურდაო!” – იგონებდა მოგვიანებით დედოფალი. მისი ყოველდღიური რაციონი ძალიან ღარიბული იყო. ძირითადად – პური და რძე. სადღესასწაულო დღეებში კი გამონაკლის უშვებდნენ და ვიქტორიას ჩაითა და ორცხობილებით უმასპინძლდებოდნენ.
ასეთმა მწირი კვების რაიცონმა დროთა განმავლობაში თავისი გაიტანა: ყმაწვილქალი პრინცესა დასუსტდა.
მას შემდეგ, რაც ვიქტორიამ სამეფო ტახტი დაიკავა, ძველმა ტაბუმ ჩაილულის წყალი დალია. ახლა უკვე ვიქტორიას შეეძლო იმდენი მიერთვა საჭმელი, რამდენიც მის სულსა და გულს გაუხარდებოდა. შედეგად, დედოფალმა წონაში საგრძნობლად იწყო მომატება. თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, რომ ვიქტორია არა მხოლოდ ბევრს, არამედ ძალიან სწრაფადაც ჭამდაო. მისი სიმსუქნე იმდენად შესამჩნევი გახდა, რომ ლორდ მელბურნმა ერთხელ გაბედა და შენიშვნაც კი მისცა დედოფალს ჭარბი წონის გამო.
პრინც ალბერტზე დაქორწინებამდე დედოფალმა წონა დააგდო, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ, საბოლოოდ აიღო ხელი ყოველგვარ დიეტაზე და კვლავაც ადრინდელივით გასუქდა. საყვარელი მეუღლის გარდაცვალებით დეპრესიასა და აპათიაში მყოფი ვიქტორია განსაკუთარებით რატომღაც ტკბილეულსა და დესერტს მიეძალა. ყოველი მისი ტრაპეზი ტორტის, ნამცხვრის, ნაყინის, ვაფლისა და სხვა ათასგვარი ტკბილეულის თანხლებით მთავრდებოდა. დედოფალი ამა ყოველივეს – უზომოდ ჭამდა. ამიტომაც იყო 150 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე ვიქტორიას წონა – 120 კილოგრამი.
გარდა ტკბილეულისა, ვიქტორია ეგზოტიკური კერძების მოყვარულიც გახლდათ. თავისი სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ბრძანა, რომ მისთვის ყოველდღიურად დაემზადებინათ ერთ-ერთი ინდური კერძი, სახელწოდებით – „კარი”. აქ საქმე მარტო ინდურ სამზარეულოში არ ყოფილა, დედოფალი ამ გზით ხაზს უსვამდა იმას, რომ იგი ინდოეთის დედოფალსაც წარმოადგენს.
ეგზომ გურმანი დედოფალი ვიქტორია იმთავითვე უარყოფდა სპორტს და გაურბოდა ყოველგვარი სახის ფიზიკურ დატვირთვას. მისთვის სპორტზე გაცილებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნო უახლოეს მეგობართა წრეში ჩაისა და ტკბილეულის დაგემოვნება გახლდათ ყოველთვის. – (ავტორი გენია.ჯი)