მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
„იმისათვის, რომ ნიჭმა შექმნას, უნდა შიმშილობდეს”. – ასეთ მოარულ თეზისს არად დაგიდევდნენ აღორძინების ხანის ფლორენციელი ხელოვანები. ამიტომაც იყო მათი უდიდესი უმრავლესობა – მდიდარი. ფლორენციაში, სადაც თავისუფლად არის შესაძლებელი ადამიანმა კულტურული შოკი მიიღოს, უამრავმა გენიალურმა პერსონამ დატოვა თავისი წარუშლელი კვალი. (ავტორი გენია.ჯი) სხვა პროფესიის ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ, ტოსკანის რეგიონის ამ თვალწარმტაც ქალაქში მოღვაწეობდნენ ისეთი ტიტანი მხატვრებიც, როგორებიც გახლდნენ – მიქელანჯელო ბუონაროტი, ლეონარდო და ვინჩი, რაფაელ სანტი, სანდრო ბოტიჩელი, ჯოტო დი ბონდონე, დომენიკო გირლანდაო და სხვანი და სხვანი.
ფლორენციის სახელოვან მოქალაქეებს ერთმანეთი, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვარდათ. ისინი ყოველთვის კონკურენტულ გარემოში იმყოფებოდნენ და იმისათვის, რომ სარფიანი შეკვეთები და სპონსორების ფული თავად მიეღოთ, თითქმის არაფერზე იხევდნენ უკან.
ზემოაღნიშნულ თეზისს – „იმისათვის, რომ ნიჭმა შექმნას, უნდა შიმშილობდეს”, სხვა ფლორენციელ ხელოვანთა მსგავსად, არად დაგიდევდათ იტალიური რენესანსის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა – მიქელანჯელო ბუონაროტიც (1475-1564 წლები). გარდა კოლოსარული ოდენობის ჰონორარებისა და ვატიკანიდან მომავალი ფინანსური დახმარებებისა, მიქელანჯელოს სხვა დამატებითი შემოსავლებიც გააჩნდა. ცნობილია, რომ ბუონაროტი იყო აქციონერი რამდენიმე სამდინარო ბორანისა; საკმაოდ წარმატებულად აწარმოებდა სავაჭრო ოპერაციებს. მათ შორის დაკავებული გახლდათ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვითაც. მიქელანჯელო მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განვალობაში ყიდულობდა მიწებს, რათა შემდგომ მათი გაყიდვით ფინანსური სარგებელი მიეღო. აკი იღებდა კიდეც…
ბუონაროტი დროთა განმავლობაში ისე გამდიდრდა, რომ სიცოცხლის მუწურულში იგი უკვე 6 საცხოვრებელ სახლსა და 7 მამულს ფლობდა პირად საკუთრებაში – ფლორენციაში, რომში, სეტინიანოსა და როვეცანოში. მისი გარდაცვალების შემდგომ, მიქელანჯელოს ერთ-ერთ სახლში აღმოჩენილი იქნა ათეულობით კილოგრამი ოქრო (რთული წარმოსადგენია, თუმცა ერთ-ერთი ცნობით – 280 კილოგრამი ოქრო).
და მიუხედავად ყოველივე ამისა, მდიდარი ბუონაროტი მაინც ერთობ ძუნწად მოიხმარდა თავის სიმდიდრეს. საკუთარი სიამოვნებისათვის იგი ფულს ვერასოდეს ვერ იმეტებდა. ან, თუ იმეტებდა, ისიც მინიმუმს… სამაგიეროდ, უხვად ასაჩუქრებდა და ეხმარებოდა არა მხოლოდ თავის ოჯახსა და ახლობელ-მეგობრებს, არამედ, ერთგულ მოსამსახურეებსაც კი.
ასე იყო თუ ისე, მიქელანჯელომ იმდენად გაუთქვა სახელი თავის ქვეყანას, რომ ამერიკული ლიტერატურის მეტრს – მარკ ტვენს შემდეგი სიტყვებიც კი ათქმევინა – „ღმერთმა იტალია მიქელანჯელოს გეგმის შესაბამისად შექმნაო”. – (ავტორი გენია.ჯი)