ეუხენია დე მონტიხოს შესახებ…
„XIX საუკუნის ევროპის ყველაზე მომხიბვლელ ქალად” წოდებული საფრანგეთის უკანასკნელი იმპერატრიცა, ნაპოლეონ III-ის მეუღლე - ეუხენია დე მონტიხო (1826-1920 წლები), პირველი მონარქი-ქალბატონი გახლდათ, ვინაც ყველასათვის უცნობი ფრანგი მოდელიერის – ჩარლზ ვორტის (ქვემოთ განთავსებული სურათი) მიერ შეკერილი ტანისამოსით დაიწყო სარგებლობა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, სწორედ რომ ამ გემოვნებიანი ქალბატონის წყალობით გაითქვა საუკუნოდ სახელი ინგლისური წარმომავლობის მქონე ფრანგმა კუტიურემ თავდაპირველად. იმ კუტიურემ, რომლის სახელთანაც ასოცირდება საყოველთაოდ ცნობილი მაღალი მოდის ფრანგული სახლის – „House of Worth”-ს დაარსება.
ევროპული მოდის კანონმდებლად ქცეული იმპერატრიცა, ვის აღზრდა-განათლებაშიც თავის დროზე სტენდალსა და პროსპერ მერიმესაც შეუტანია წვლილი, მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში იყო მოხიბლული ისეთი ცნობილი ისტორიული პერსონით, როგორიც გახლდათ ავბედითი აღსასრულის მქონე საფრანგეთის ექს-დედოფალი – მარი ანტუანეტი. ეუხენიასთვის იმდენად მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა თავის დროზე სიკვდილით დასჯილი დედოფალი, რომ მისი განვლილი ცხოვრების შესახებ არა მხოლოდ ინფორმაციებს აგროვებდა, არამედ აუქციონებზე ყიდულობდა იმ უწვრილმანეს ნივთებსაც კი, რომლებიც ანტუანეტის პირად მფლობელობაში იმყოფებოდა ოდესღაც. ასე მოხვდა დე მონხიტოს პირად კოლექციაში მარი ანტუანეტის ავეჯი, ძვირფასეულობა, წერილები სიკვდილით დასჯილი დედოფლისა…
ფრანგ იმპერატრიცას, ვის თითოეულ კაბასაც ეძღვნებოდა სპეციალური კატალოგი, მოდის გარდა ასევე ძალიან იტაცებდა მეცნიერება და მედიცინა. სწორედ რომ დე მონტიხო იყო ის ადამიანი, ვინაც გულუხვად აფინანსებდა დიდი ფრანგი მეცნიერის – ლუი პასტერის მიერ წარმოებულ უმნიშვნელოვანეს ცდებს. ცნობილია ისიც, რომ მის სახელთან ასოცირდება ცოფის საწინააღმდეგო პირველი პრეპარატის შექმნის დაფინანსებაც. – (ავტორი გენია.ჯი)