ეგნატე ნინოშვილი – „ეპიზოდი”
სუსტ, მომაღლო ტანისა და გრძელი პირისახის მქონე, ხმელ და ბეჭებში მოხრილ ქართველ მწერალს – ეგნატე ნინოშვილს (1859-1894 წლები), თავისი ხანმოკლე სიცოცხლის გატარება უკიდურეს სიდუხჭირეში მოუხდა. (ავტორი გენია.ჯი) თქვენ წარმოიდგინეთ, „პალიასტომის ტბის” ავტორს, ნორმალურ სახლს რომ თავი გავანებოთ, ქოხიც კი არ ღირსებია, რის გამოც ჯარგვალში მოუხდა ცხოვრება. მეზობლების დახმარებით, გასაჭირში ჩავარდნილმა ლიტერატორმა ეზოში ოთხი ბოძი დაასო, რომლებზედაც შემდგომ შეშები და ფიცრის ნაკიდურები ააკრა. მიუხედავად ამისა, სახლის (ჯარგვლის) გვერდები მაინც თითო თითის სოშორეზე იყო დაშორებული, რაც ცხელსა და ცივ ჰაერის მასებს თანაბრად ერეკებოდა შიგ. ჯარგვალს კარიც ესაჭიროებოდა, რაც ეგნატემ მეზობლისაგან მიიღო სამოწყალოდ. როდესაც მწერალი „სახლის აშენებას” მორჩა, მიწის იატაკზე მოგრძო შეშის ორი ნაჭერი დადო, რასაც სამი ფიცარი გადააფარა. ეგზომ ღარიბ-ღატაკურ „საწოლში” ეგნატე ყოველთვის ტანგაუხდელი წვებოდა. მწერლის გარდერობი შედგებოდა ვიღაცის გამონაცვალი გაცრეცილი პალტოსა (რომელსაც ყველაზე ხშირად ატარებდა იგი) და რამდენიმე, ისიც სხვისი ნაწყალოვევი ძველმანებისაგან. მათ შორის მოიძევებოდა – ქალამნებიც. ხელომოკლე ნინოშვილი ისე უფრთხილდებოდა თურმე თავის ქალამნებს, რომ ხშირად ფეხშიშვლი დადიოდა… ამ დროს კი ხელში ქალამნები ეჭირა…
საჭმელს ეგნატე თავად იმზადებდა. მწერლის მენიუ უმეტესწილად – ჭადისა და მოხარჩული ფხალისაგან შედგებოდა; ზამთარში ძირითადად შეშით (ფიჩხით) თბებოდა, რადგან ნავთის ყიდვა მისთვის ძვირი სიამოვნება იყო. ფიჩხს ნინოშვილი მეზობლების ეზოებში აგროვებდა, რაც რიგი მათგანის გაღიზიანებას იწვევდა. მაგრამ, მწერალი იმდენად საწყალი და უთქმელი პერსონა ყოფილა, რომ მის პირისპირ განაწყენებას მაინც ერიდებოდნენ.
ეგნატე ნინოშვილი 1894 წლის 12 მაისს გარდაიცვალა სულ რაღაც ოცდათოთხმეტი წლის ასაკში. იგი ტუბერკულოზს ემსხვერპლა. მაშინ, როდესაც სიღატაკეში აღსრულებული მწერლის კუბოსათვის სოფელში ფიცრები ვერ იშოვნეს (საყიდელი ფული აბა სად იყო), თანასოფლელებმა მთლიანი მორი ამოგულეს, შიგ ჩაასვენეს და ისე დამარხეს სახელოვანი ქართველი ლიტერატორი. – (ავტორი გენია.ჯი)