ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ თითოეულ ადამიანს ძილის საკუთარი რეჟიმი გააჩნია. არიან ადამიანები, რომლებსაც ხანგრძლივი და ღრმა ძილი ახასიათებთ. არიან ისეთებიც, მცირეოდენი გამოძინებაც რომ ჰყოფნით ფიზიკური ძალების აღსადგენად. (ავტორი გენია.ჯი) თავის მხრივ, მედიკოსები ირწმუნებიან, რომ ადამიანმა დღეში საშუალოდ 8-9 საათი უნდა იძინოს, რაც მათი მტკიცებით, სრულიად საკმარისია წინა დღით დახარჯული ენერგიის აღსადგენად.
ექიმების მტკიცებას არად დაგიდევდათ დიდი ბრიტანეთის ლეგენდად ქცეული პრემიერი – უინსტონ ჩერჩილი, ვისაც გამოძინების ერთობ უჩვეულო რეჟიმი ჰქონდა შემუშავებული: იგი ღამის განმავლობაში მხოლოდ 4 საათის განმავლობაში იძინებდა (წვებოდა 3-ზე და დგებოდა 7-ზე), ხოლო დღისით კი ყოველდღიურად ერთი საათით ატყუებდა თვალს; გენიალური ალბერტ აინშატაინი კი პირიქით, ხანგრძლივი ძილით გამოირჩეოდა. ებრაული წარმომავლობის მქონე ფიზიკოსს დღე-ღამეში 10-12 საათის განმავლობაში ეძინა; ლეონარდო დავინჩი დროთა განმავლობაში ნახევრადფაზური ძილის პრაქტიკას დაეჩვია. იგი რამდენჯერმე იძინებდა დღისა და ღამის განმავლობაში, თუმცა ყოველი მისი ძილი, რასაც „ჩაძინება” უფრო ეთქმის, მხოლოდ 15 წუთის მანძილზე გრძელდებოდა. ეგზომ უცნაური გამოძინების შემდეგ ხელოვანი მთელ 4 საათს უთმობდა შრომას.
აი, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მხედართმთავარი – ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები) კი, უინსტონ ჩერჩილის მსგავსად 4 საათით ძილს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა იგივე ჩერჩილისაგან განსხვავებით, მას არ ახასიათებდა დღისით ერთსაათიანი გამოძინების პრაქტიკა. ამ ზე-ენერგიული კაცის ყოველი დღე ადრიანი დილის შეხვედრით იწყებოდა. თუ რა დამოკიდებულება გააჩნდა ბონაპარტს ხანგრძლივი ძილის მიმართ, ეს მის მიერ წარმოთქმული ერთ-ერთი ფრაზიდანაც კარგად ჩანს – „ნაპოლეონს 4 საათი სძინავს დღე-ღამეში, მოხუცებს – 5, ჯარისკაცებს – 6, დედაკაცებს – 7, მამაკაცებს – 8, ხოლო 9 საათის განმავლობაში მხოლოდ ავადმყოფები იძინებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)