ანტუან ლავუაზიე – „ეპიზოდი”
პარიზის ქუჩების ღამის განათებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საფრანგეთის მეფემ ლუი XVI დე ბურბონმა 1766 წელს თანამედროვე ქიმიის ფუძემდებელი სახელოვანი თანამემამულე - ანტუან ლავუაზიე (1743-1794 წლები) ოქროს მედლით დააჯილდოვა. (ავტორი გენია.ჯი) პოპულარული ფრანგი მეცნიერის ლაბორატორია, სადაც ფაქტიურად ცხოვრობდა კიდეც იგი, იმ პერიოდის ფრანგი ინტელექტუალებისა და მეცნიერების თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო. გარდა დიდი ავტორიტეტისა, ანტუანი დიდ მატერიალურ შესაძლებლობებსაც ფლობდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ლავუაზიე ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან დიდი პატივითა და მფარველობით სარგებლობდა. თუმცა ეს ასე, მხოლოდ რევოლუციამდე გაგრძელდა…
პირველი, ვინც საფრანგეთის დიდი რევოლუციის წინა პერიოდში ხელისუფლების მიერ „გაფეტიშებული” გენიალური ფრანგი მეცნიერის წინააღმდეგ გაილაშქრა, „ხალხის მეგობრად” წოდებული იაკობინელთა გავლენიანი ლიდერი – ჟან პოლ მარატი იყო. მან არა მხოლოდ რამდენიმე სარკაზმული პამფლეტი მიუძღვნა თავის გაზეთში „თერმოქიმიის” ერთ-ერთ ფუძემდებელს, არამედ ხაზინის ფულის არამიზნობრივად ხარჯვაშიც დასდო ბრალი.
მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხისა (რევოლუციისა), ყოველგვარი ძალადობის მოძულე ანტუანმა სხვა კოლეგების მსგავსად სამშობლო არ დატოვა და კვლავაც აქტიურად განაგრძო მეცნიერული მუშაობა. მეცნიერება კი, ქვეყნის ახალ ხელისუფლებას არაფრად ეპიტნავებოდა. ის კი არა და, საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემია მონარქიულ გადმონაშთადაც კი მიიჩნიეს და მისი წევრების მიმართ დევნა-შევიწროვება განახორციელეს. ამ დროს, ფრანგი მეცნიერების დიდი ნაწილი სამშობლოდან გაქცეულია. ერთადერთი ფრანგი მეცნიერი, ვინაც გაბედა და საჯაროდ, ხმამაღლა დაიცვა პირსისხლიანი რევოლუციონერებისაგან მეცნიერებათა აკადემიის პრესტიჟი და ღირსება, სწორედ რომ ლავუაზიე იყო. ამ გარემოებამ იმდენად აღაშფოთა საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედი, რომ მარატმა სახელოვან თანამემამულე მეცნიერს, ვისაც რესპუბლიკის მტრად აცხადებდა, – „თავისი დროის უდიდესი ინტრიგანი” უწოდა. გავლენიანი პოლიტიკური ლიდერის ასეთი შეურაცხმყოფელი გამოსვლით ცხადზე ცხადი გახდა, რომ ლავუაზიესათვის განაჩენი უკვე გამოტანილი იყო. შესაბამისად, მისი ძალადობრივი მოკვდინება, მხოლოდ დროის საკითხიღა იყო. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან პოლ მარატი