ჩინური დრაკონი – „ეპიზოდი”
სხვადასხვა ხალხის უძველეს ლეგენდებსა და თქმულებებში, მითოლოგიური დრაკონი იმ საშინელ ცეცხლისმფრქვეველ და სისხლისმღვრელ ურჩხულად ჰყავდათ წარმოდგენილი, რომელიც გამუდმებული შიშისა და ტერორის ქვეშ ამყოფებდა ადამიანებს. (ავტორი გენია.ჯი) ანალოგიური წარმოდგენა მოგვიანებით ფართოდ იქნა დამკვიდრებული ქრისტიანულ რელიგიაშიც. ამისათვის საკმარისია, გავიხსენოთ ის, თუ როგორ ლახვრავს თავისი ძლევამოსილი მახვილით წმინდა გიორგი ბოროტების სიმბოლოდ ქცეულ დრაკონს.
ყველა სხვა ხალხისაგან განსხვავებით, ჩინელთათვის დრაკონს იმთავითვე აბსოლუტურად სხვა დატვირთვა და დანიშნულება გააჩნდა, რადგან ჩინური დრაკონი მათში ასოცირდებოდა მშვიდ და კეთილ არსებასთან, ვინაც არასოდეს ზარდებოდა ადამიანებისათვის სასარგებლო რჩევების მიცემას.
დრაკონი იმდენად მნიშვნელოვან „ფიგურად” ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში, რომ ჩინეთში სპეციალური კანონიც კი იქნა შემოღებული. აღნიშნული კანონი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არეგულირებდა დრაკონის გამოსახულების გამოყენების წესებს. ასე მაგალითად: დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ ესარგებლათ დრაკონის გამოსახულებით, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მათ მხოლოდ სამ ბრჭყალიანი დრაკონით სარგებლობის უფლება ჰქონდათ მინიჭებული; თითოეულ თათზე ოთხ ბრჭყალიანი დრაკონი განკუთვნილი იყო ჩინელი არისტოკრატებისა და დიდებულებისათვის. ერთადერთი, ვისთვისაც ხუთ ბრჭყალიანი დრაკონი გამოისახებოდა, თვით იმპერატორი იყო. ნებისმიერი რანგის მქონე ადამიანი იმპერატორის გარდა, ვინც გაბედავდა და ხუთ ბრჭყალიანი დრაკონის გამოსახულებას გამოიყენებდა, უცილობლად ისჯებოდა. „დამნაშავეს” ჩინური მართლმსაჯულება – სახელმწიფო ღალატში სდებდა ბრალს და სიკვდილით სჯიდა. – (ავტორი გენია.ჯი)